ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

ოზურგეთის დრამატული თეატრი, 5 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს თორმეტი და ერთი ლიტვური თეატრი მიიღებს, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს "გამარჯობა ხალხო“ (რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე) წარუდგენს.

ფესტივალი თავს უყრის ნოდარ დუმბაძის ნაწაროებების მიხედვით სხვადასხვა თეატრში დადგმულ სპექტაკლებს. ათი დღის განმავლობაში ფესტივალზე მოწვეული სტუმრები და მაყურებლები დუმბაძის ნაწარმოებების განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ნახავენ.

ფესტივალი ოზურგეთის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით "ბოშები“ გაიხსნება, რომელიც მაესტრო გიზო ჟორდანიამ ოზურგეთის თეატრის დასთან ერთად მოამზადა. სპექტაკლზე, ასევე, იმუშავა ცნობილმა კომპოზიტორმა გომარ სიხარულიძემ და სცენოგრაფმა ლომგულ მურუსიძემ.

ფესტივალის ფარგლებში, 14 ივლისს ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში მწერლის იუბილე აღინიშნება. ჩოხატაურის სახალხო თეატრში კი სპექტაკლის ჩვენება მოეწყობა.

15 ივლისს ფესტივალს ქართულ-ლიტვური კოპროდუქცია – ოზურგეთისა და პანევეჟისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „გამარჯობა ხალხო“ დახურავს. სცენაზე ნოდარ დუმბაძის პოპულარულ და ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს ლიტველი და ქართველი მსახიობები ერთდროულად გააცოცხლებენ.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ექსკურსიები გურიის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად. პრესის წარმომადგენლებისთვის დაიგეგმება შეხვედრები თეატრის კრიტიკოსებთან.

ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ოზურგეთის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ ოზურგეთის მერია.

ნოდარ დუმბაძე XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, მისი ნაწარმოებები დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ინტენსიურად იდგმება მსოფლიოს თეატრების სცენებზე.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი არადრამატული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართველი კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...