ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა

100%-ანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს დღეს ფულადი ჯილდო და საპატიო სიგელები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გადასცეს. სალომე მიქატაძე და ნატა ბაჯელიძე დღეს მუნიციპალიტეტმა 3000-3000 ლარით დააჯილდოვა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბახვისა და სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლე ნატა ბაჯელიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საუკეთესო შედეგი ნატას პირველი წარმატება არ არის, ის საგანმანათლებლო მედიაპროეტ „ეტალონის“ გამარჯვებულიცაა. რაც შეეხება, სალომე მიქატაძეს, ის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტია. 
ნატამ და სალომემ საჩუქრები გურიის გუბერნატორისგან – გია სალუქვაძისგანაც მიიღეს, სახელმწიფო რწმუნებულმა მათ პატრიარქის ეპისტოლეები გადასცა.
როგორც გურიის გუბერნატორმა აღნიშნა განათლების წახალისება ყველა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი უნდა გახდეს და წარჩინებული სტუდენტები ისევ თავიანთ რეგიონებს უნდა დაუბრუნდნენ, რათა თავისი წვლილი შეიტანონ მშობლიური ქალაქებისა და სოფლების აღორძინების საქმეში. 
„ მიხარია, რომ ამ არჩვეულებრივი იდეის ინიციატორი ჩვენი მუნიციპალიტეტია. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, რადგან მოტივაცია მოსწავლის წარმატების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. 2015 წელს, პროექტის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მიიღეს. მეამაყება ეს ბავშვები და ის ფაქტი, რომ ჩვენ სოფლებშიც ძალიან ძლიერი საჯარო სკოლები და კომპეტნტური პედაგოგები გვყავს“, – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ. 
დავით დარჩია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე : ჩვენ ყველამ ერთად მხარი დავუჭირეთ ისეთ უპრეცედენტო პროექტს, რომელიც მისაბაძი გახდა სხვა მუნიციპალიტეტებისთვის. მადლობა ამისთვის საკრებულოს ყველა წევრს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და იდეის ავტორს“. 
დაჯილდოების ცერემონიალს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი და ბახვისა და სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლების დირექტორებიც დაესწრნენ. 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინიცირებული პროექტი მუნიციპალიტეტის გამგეობამ 50 000 ლარით დააფინანსა. წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...