ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა

“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწრობისთვის“ ორგანიზატორობით ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ეხებოდა ქალ კანდიდატებთან დებატები ქალთა საჭიროებებზე და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე. შეხვედრას მერობის და მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების პირველი ნაწილში ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა, გიორგი გირკელიძემ საზოგადოებას გააცნო “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწრობისთვის“ მიერ გავრცელებული არჩევნებში ძალადობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მანიფესტი. ქალი კანდიდატები ერთხმად თანმხდებიან, რომ დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის წარმართვა ძალადობრივ გარემოში; სქესის ნიშნით ან სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაცია და უფლებების შელახვა; კანდიდატების მიმართ ძალადობა ან საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელის შეშლა; ამომრჩეველი ქალების მიმართ არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლა; არჩევანის გაკეთების დროს იძულება ან რაიმე ტიპის სხვა საარჩევნო ძალადობა; საჯარო გამოსვლებსა თუ მედია საშუალებებში დისკრიმინაციული გამონათქვამების და სექსისტური ენის გამოყენება და ა.შ..
მეორე ნაწილში მოწვეულ სტუმრებს სტატისტიკური მონაცემები და იმ პრობლემების შესახებ ესაუბრეს, რომელიც აწუხებს ქალ ამომრჩევლებს. ამომრჩევლები მერობის კანდიდატებისგან და მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატებისგან დანაპირებების შესრულებას ითხოვს.

შეხვედრის მესამე ნაწილი ჩოხატაურის და ლანჩხუთის მერობის კანდიდატებს დაეთმო. როგორც ცნობილია გურიის სამ მუნიციპალიტეტში მხოლოდ სამი მერობის კანდიდატია. შეხვედრას ლელა ჩახვაძე, ლანჩხუთის მერობის კანდიდატი (“პატრიოტთა ალიანსი“) და მაია კუტუბიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი (“პატრიოტთა ალიანსი“) ესწრებოდნენ და მათ ლიდერ ქალებს მათ შესახებ ესაუბრეს.

ლელა ჩახვაძე, ლანჩხუთის მერობის კანდიდატი (“პატრიოტთა ალიანსი“) – “საქართველო ბოლო წლებში ქალებმა გადაარჩინეს… ოჯახის გადარჩენის ტვირთი ქალებმა აიღეს და დაამტკიცეს, რომ ძლიერები არიან, ვიდრე მამაკაცები, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ ფიზიკურ, ბიოლოგიურ სიძლიერეზე, საუბარია, სულიერ სიძლიერეზე, რომელიც ისტორიულად მოსდგამს ქართველ ერს. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ მართვის პროცესში უფრო მეტად უნდა იყვნენ ქალები ჩართული…“

მაია კუტუბიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი (“პატრიოტთა ალიანსი“): "ერთხელ შემექმნა პრობლემა ქალი რომ ვიყავი. ეს იყო შეგრძნება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება. როცა საგასახადო სისტემა შეიქმნა, ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი. საგადასახადო ინსპექციის უფროსი უნდა დანიშნულიყო და ჩემი კვალიფიკაცია შეესაბამებოდა ამ თანამდებობას, თუმცა მაშინ გაჟღერდა რომ ქალი ვიყავი და ამიტომ ვერ დამნიშნავდნენ თანამდებობაზე. ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი ჩემთვის. ეს იყო კომუნისტების პერიოდში."

თინათინ ღლონტი, მოქალაქე: "თვითონ ქალებს უნდა ჰქონდეთ ასეთი ორგანიზაციები. ბევრმა ქალებმა არ იცის საკუთარი უფლებები, მათ უნდა ესაუბრონ ორგანიზაციები. მინდა ვთქვა, რომ რაც უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით ქალები, უფრო მეტად იქნება ჩვენი უფლებები დაცული."
ლალი სიჭინავა, მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ცხემლისხიდში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, “ქართული ოცნება“): "დედაჩემი ყოველთვის იყო აქტიური. მამა ხელს არ უშლიდა. ასეთ ოჯახში გავიზარდე. ახლაც ისეთ ოჯახში აღმოვჩნდი, რომ არც ჩემს დედამთილს აქვს პრობლემა. ჩემი მეუღლეც ჩვეულებრივად ხვდება ჩემს აქტიურობას. მე ვარ პედაგოგი, საკრებულოს წევრი. ჩემთვის, ჩემი სოფლის ყველა კუთხე ნაცნობია. ყველა მაცხოვრებლის ტკივილი ვიცი…"

ლელა საჯაია, მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ოზურგეთში (“ქართული ოცნება“): "2012 წლის შემდეგ ვარ ჩართული "ქართული ოცნების" პარტიულ საქმიანობაში. თავად მივედი პარტიის თავმჯდომარესთან და განვაცხადე, რომ მზად ვიყავი ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. ჩემს ბებიაზე მინდა მოგითხროთ, რომლის გადაწყვეტილებამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მან უარი თქვა უზენაესი საბჭოს დეპუტატობაზე, რადგან თვლიდა, რომ თვითმფრინავით მგზავრობა და სასტუმროში დაბინავება არ შეიძლებოდა. ეს რომ მახსენდება, სულ ვცდილობ რომ მსგავსი შეზღუდვები და ბარიერები ჩემს ცხოვრებაში არ იყოს. მუდმივად მიწევდა ყოფნა ისეთ საზოგადოებაში, სადაც ნაკლებად იყვნენ ქალები, მაგრამ ყოველთვის ვიყავი დაფასებული, რადგან არ ვაძლევდი საკუთარ თავს უფლებას მეორე რიგში ვყოფილიყავი…"
დარეჯან ბურჭულაძე, მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ლანჩხუთში (“პატრიოტთა ალიანსი“): "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალმა დეპუტატებმა შევქმენით ფრაქცია. მინდა გითხრათ, რომ ამ ფრაქციაში ვიყავით სამი სხვადასხვა შეხედულების პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ბიუჯეტის პირველივე განხილვისას მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვწონდა, მივეცით ხმა, იმიტომ, რომ ჩვენი მოთხოვნა შესრულდა. ხელფასები მოემატა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებს და სპორტული სკოლის მასწავლებლებს. ახლა თამამად შემიძლია ნებისმიერ მათგანთან მისვლა და თქმა, რომ ეს შევძელი. ასაკით პატარა ვარ, მაგრამ ყველა ცხოვრებისეული ტკივილი გადატანილი მაქვს."

მანანა ჯორბენაძე, მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ჯუმათში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, პარტია “ევროპული საქართველო“):

"4 შვილის დედა ვარ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პირველი შემთხვევაა, რომ სოფელი ჯუმათიდან ,ქალმა გაბედა და წამოყენა თავისი კანდიდატურა. მესმის, რომ ამბობენ, კაცს არაფერი გაუკეთებია და შენ როგორ გამოგივაო, მაგრამ მე გავრისკე… განთლებით ფილოლოგი ვარ, ამჟამად უმუშევარი. ჩემი მეუღლე პოლიციის მაიორია. მეუბნებიან არ გეშინიაო? სოფელ ჯუმათში არ მახსოვს ვინმე ქალთა უფლებებით დაინტერესებულიყო. სოფელში ბევრი პრობლემები აქვთ ქალებს, ძალიან ბევრი მარტოხელა დედაა, სოცილაურად დაუცველები, რომელიც ვერ იღებენ დახმარებას."

შეხვედრა გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...