“ოცნების ხელისუფლებას რუსული გაზის შემოტანა “ჯეოტრანსგაზის” მეშვეობით სურს”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროოს "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები.

"გაზპრომთან" მოლაპარაკებები მოსახლეობისგან ფარულად მიმდინარეობს და მთავრობას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია რა უნდა, რატომ ითხოვს "გაზპრომიდან" გაზის შემოტანას. ამ საკითხზე ხელისუფლებისგან მხოლოდ სხვადასხვა პოზიცია მოვისმინეთ, მათ შორის ისიც, რომ აზერბაიჯანული გაზი ძვირია და აზერბაიჯანს საქართველოსთვის დამატებითი გაზის მოწოდების საშუალება არ აქვს, რაც ტყუილია.

გუშინ, სრულიად შემთხვევით გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი კომპანიისგან… ეს კომპანია აშკარად იმალებოდა და საზოგადოებამ არ იცოდა ამ კომპანიის შესახებ… ეს არის "ჯეოტრანსგაზი", რომელიც თურმე 2015 წლიდან რუსეთიდან, კერძოდ, "გაზპრომიდან" შემოაქვს გაზი… კომპანიამ გადაწყვიტა, თავადვე გააკეთოს განცხადება, რაც ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ აჩენს დამატებით ეჭვებს, რომ მთავრობა არის სწორედ ამ კომპანიასთან შეკრული იმისათვის, რომ ერთად იშოვონ ძალიან დიდი ფული.

დამატებითი გაზის შემოტანა ძალიან დიდი ალბათობით ისევ ამ კომპანიის მეშვეობით უნდა ოცნების ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს გასაჯაროვდეს "ჯეოტრანსგაზის" ხელშეკრულება, რომელიც 2015 წელს დაიდო, გაირკვეს რა ხელშეკრულებაა ეს როდიდან მოქმედებს ის, რა ფასად ყიდულობენ "გაზპრომისგან" გაზს და რა ფასად ყიდიან, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ რა პირობებით დაუთმო მაგისტრალური გაზსადენები ამ კომპანიას, აპირებენ თუ არა მომავალშიც, სავარაუდოდ, გაზრდილი რაოდენობის ისევ ამ კომპანიის მეშვეობით გატარებას", – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიის დამფუძნებელი არის ვინმე ოთარ იაშვილი. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ამ აბურდული კვანძის გახსნა, თუმცა კვანძი გაცილებით უფრო დიდია და კომპანიის განცხადება, რომ ხელშეკრულების დეტალები არ გაჟღერდება, რადგან კომერციული საიდუმლოებაა, არასწორია, რადგან ამ საკითხისადმი სახელმწიფოებრივი ინტერესი ძალიან დიდია", – განაცხადა ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად