„ოცნებამ“ ფოთში მერობის კანდიდატად, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე დაასახელა

ბექა ვაჭარაძის განაცხადებით, ეს წინადადება მისთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან ამ საკითხზე გუნდის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები მიმდინარეონდა. როგორც ის აცხსდებს, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში მიიღო მონაწილეობა და მომავალშიც, ქალაქის განვითარებისთვის, საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი.

„ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობდა გუნდის ხელმძღვანელობასთან. რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა, დაზუსტებით ნამდვილად არ ვიცოდი. სასიამოვნო და საამაყოა ნამდვილად, რომ საბოლოო ჯამში შეჯერდა აღნიშნული გადაწყვეტილება.

დაახლოებით, წელიწადი და სამი თვეა რაც საკრებულოს თავმჯდომარე ვარ. შესაბამისად, ამ პერიოდში, ვფიქრობ, რომ ბევრი შესაძლებლობა იყო და ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მივიღე მონაწილეობა საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტებში, რაც ამ პერიოდში და მანამდე გაკეთდა „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერით. ვფიქრობ, რომ ეს პროექტები ყველა გასაგრძელებელია, რადგან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის. დღეს მაგალითად, კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი გავხსენით, რომელიც არის ისტორიული მნიშვნელობის. ორ საუკუნეს ითვლის და ყოველთვის იყო თავშეყრის ადგილი. საჭიროებდა რეაბილიტაციას. პირველი ეტაპი დასრულდა, შემდეგ ეტაპზე შადრევანი, და ავტოდრომი მოეწყობა. ყველა საჭირო ობიექტი უნდა გაჩნდეს.

ასევე, გასავითარებელია კუნძულის სანაპირო ზოლი, რომლის რეაბილიტაცია დაწყებულია და იქაც უამრავი პროექტია დასამატებელი. ასევე, მალთაყვის რეაბილიტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და შესაბამისად იქაც ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. ასევე, ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებით ვაპირებ აქტიურად ვიმუშაო და მაქსიმალურად გამოვაჩინოთ ჩვენი ქალაქის პოტენციალი ამ მიმართულებით. სამუშაო ნამდვილად ბევრია. გასააქტიურებელია წყალარინების მოწყობის სამუშაოები, რაც აფერხებს გზების რეაბილიტაციას და ამ კუთხით დასაჩქარებელია ტემპები. ვფიქრობ, რომ ის დაწყებული საქმეები, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, დაჩქარდება და პროექტების მოცულობაც მოიმატებს“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...