“ოცნება” ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციას არღვევს” – ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აგრძელებს. პრემიერმა მისი შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი გუშინ გამოაცხადა, თუმცა არ იხსნება კომენდანტის საათი, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს.

როგორ აფასებს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, თვლის თუ არა, რომ გვიანდება საარჩევნო საკითხების გადაწყვეტა და რას ფიქრობს „ტროლებისა“ და „ბოტების“ სკანდალზე, როდესაც  Facebook-მა ყალბი ანგარიშები დაბლოკა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „აიპრესთან“ ინტერვიუში პარლამენტის დამოკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საუბრობს:

_ იხსნება გარკვეული შეზღუდვები, თუმცა რჩება კომენდანტის საათი. თქვენ როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? რამდენად სწორად მიგაჩნიათ კომენდანტის საათის ძალაში დატოვება?

_ მე ვფიქრობ, რომ უკვე დროა შეზღუდვების მოხსნის. მათ შორის კომენდანტის საათის გაუქმების. აუცილებელია იმ წესების დაცვა, რომელსაც ადგენს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები და ამ წესებით უნდა მოხდეს ადამიანების ცხოვრების ჩვეული რიტმით გაგრძელება. ფაქტია, რომ ახლა იმაზე მეტი შეზღუდვებია, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს, ამიტომ, სწორია რომ ზომების შემსუბუქება ხდება, მაგრამ ამასთანავე საჭიროა, რომ საგანგებო მდგომარეობაც უნდა გაუქმდეს, ამის საჭიროება ახლა აღარ არის.

ამასთანავე უნდა შეიქმნას გაცილებით უფრო ფართო წარმომადგენლობითი ფორმატი და არა ის, რომ მხოლოდ ერთი პარტია მსჯელობს და გადაწყვეტილებებს აღსრულებას ახდენს. არამედ საჭიროა მრავალპარტიული ჩართულობა.

_ საპარლამენტო ფორმატში?

_ ეს შესაძლოა იყოს საპარლამანტო ფორმატში, მათ შორის ეს ფორმატიც იძლევა ექსპერტების მონაწილეობის ჩართულობის შესაძლებლობას. უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებებისა და მოდელების განხილვისთვის სხვადასხვა ფორმატი. ეს დახურული სივრცე, როდესაც ჩვენ არ ვიცით, ვინ რა საკითხზე იღებს გადაწყვეტილებას და ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც კომისიის სახელით იღებენ გადაწყვეტილებას, ეს პროცესი არ პასუხობს გამოწვევებს და ეს უნდა დასრულდეს. ქვეყანა უნდა გადავიდეს სხვა ეტაპზე, როდესაც შეზღუდვები რჩება ნომინალურად, წესების დაცვა მოხდება, მაგრა ჩაკეტილი ერთპარტიული მოქმედებების წრე უნდა გაიხსნას.

_ ხომ არ დგება მომენტი, როდესაც საარჩევნო საკითხებზეც უნდა დაიწყოს მსჯელობა? უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე და გასატარებელია საკონსტიტუციო ცვლილებები…

_ საქმე იმაშია, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსზე დიდი ხანია მუშაობს. თვითონ აქვთ შექმნილი ცალკე ფორმატი, ელაპარაკება იმ ადამიანებს, ვისთანაც ეტყობა კომფორტულად საუბრობს და წერს იმას რაც უნდა. დადეს პროექტი, რომლის ფართო განხილვა არ მომხდარა. ძალიან დააგვიანდა კონსტიტუციურ ცვლილებებსაც.

ის, რომ ცვლილებების მიღება გვიან უნდათ, ეს თავისთავად არანორმალური ვითარებაა, ეს არღვევს ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციას, როდესაც არ შეიძლება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცვლიდე წესებს და პარტიებმა არ იცოდნენ, როგორ უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის.

_ როგორა თქვენი შეფასება Facebook-ის მონიტორინგის შედეგებზე და გამოვლენილი ყალბი ანგარიშების დაბლოკვაზე? აქვე შეაფასეთ მამუკა მდინარაძის ის განცხადება, სადაც ამბობს, რომ კოკა ყანდიაშვილს 2013-14 წლების შემდეგ აღარ ჰქონია შეხება ოფიციალურად „ქართულ ოცნებასთან“?

_ 2013-14 წლებში მდინარაძე თვითონ არ იყო „ქართულ ოცნებაში“ და რა იცის? 2016 წელს შემოუერთდა მდინარაძე მმართველ პარტიას. ის არ არის სანდო. გუშინდელ მის კომენტარზე გვიწევს კომენტარების გაკეთება, თორემ მე საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ, სარწმუნოდ მივიჩნიო მისი საუბარი. ის ერთ-ერთია მათგან, ვინც ასეთი მეთოდების გამოყენებას მშვიდად შეხვდება. მახსენდება ის, როდესაც შემთხვევით მესიჯი ჩემთან გამოაგზავნა, რომელსაც ჩემს საწინააღმდეგოდ შედგენილ მესიჯს უგზავნიდა უმრავლესობის წევრებს. მე საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი ასეთი სახის ფეისბუქ-შეტევები, „ტროლების“ და „ბოტების“ საშუალებით. მათ შორის დაქირავებული ჟურნალისტების მეშვეობით, როდესაც მე დავუპირისპირდი გუნდს.

_ რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილის თემას, იყო თუ არა „ქართულ ოცნებაში“, როდესაც თქვენ იყავით იქ?

_ რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს, მე მას ვიცნობ და ძალიან ხშირად მინახავს პარტიის ოფისში. კონკრეტულად იყო თუ არა მასთან კონტრაქტი, ეს ჩემი უფლებამოსილების სფეროში არ შედიოდა. მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ყანდიაშვილი არ იღებდა ამ გადაწყვეტილებას აქ მთავარია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ცუდი მეთოდები გადაიტანა მმართველობაში, გაიმეორა და ასე გააგრძელა მოქმედება “ქართულმა ოცნებამ“. ერთნაირად მიუღებელია ჩემთვის – რასაც მაშინ აკეთებდა „ნაცმოძრაობა“ და რაც დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“. ყველაფერში დაემსგავსნენ ერთმანეთს.

_ დღეს რასაც აკეთებს ეს ორი პარტია? დღესაც ორივე გაეხვა ამ სკანდალში.

_ ორივე მიუღებელია ჩემთვის. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყენებს ამ მეთოდებს. მთავარია, რომ როდესაც ამ მეთოდებს მიმართავ… ორმაგად საშიშია, როდესაც ხელისუფლება მიმართავს ამას. იმიტომ, რომ მისი ძალაუფლების არეალი და ბერკეტები უფრო დიდია. ორივე მიუღებელია ჩემთვის. საერთოდ, ვინც ასეთ მეთოდებს მიესალმება, არათუ იყენებს, ეს ჩემთვის მიუღებელია. პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც.

_ ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან ხომ არ გქონიათ რაიმე სახის კომუნიკაცია?

_ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ამაზე საუბარს ახლა საჭიროდ არ ვთვლი. მადლობა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად