“ოცნება” ოპოზიციას საინფორმაციო ომს უგებს”, – ინტერვიუ ნიკა ჩიტაძესთან

„ედისონ რისერჩის“ სოციოლოგიური კვლევით „ქართულ ოცნებას“ 39% უჭერს მხარს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 16%. მოწონებად ფიგურად არის დასახელებული პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე. ოპოზიციიდან კი დავით ბაქრაძე ლიდერობს და ამომრჩეველთა უმრავლესობა მას ისურვებდა პრემიერ-მინისტრად.

სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე და წარმოდგენილ სურათზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე საუბრობს:

_ „ედისონ რისერრჩის“ კვლევით „ქართულ ოცნებას“ 39% აქვს. მოსალოდნელი იყო ეს? ამასთანავე 20 ივნისის ნეგატივის მიუხედავად გიორგი გახარიას მაინც პოზიტიურად აფასებს ჩვენი საზოგადოება. ამას რით ხსნით?

_ ცოტა ხნის წინ მე ვთქვი თქვენთან ინტერვიუში, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ლიდერობს „ქართული ოცნება“-მეთქი და ვთქვი, რომ 30%-ზე მეტს აიღებს-მეთქი. გამოჩნდა, რომ მას ამ ეტაპზე 39%-იანი მხარდაჭერა აქვს. კი ბატონო. მართალს ბრძანებთ, რომ 20 ივნისის მიუხედავად „ქართული ოცნება“ ლიდერობს, რაზეც მე ჩემი მოსაზრება მაქვს.

_ ეს „ოცნებაზე“ კი არა, კონკრეტულად გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვიკითხე.

_ პოლიტიკაც განისაზღვრება ცხელი კვალის შესაბამისად. უახლოეს წარსულში გიორგი გახარია წარმოჩინდა, როგორც კოვიდ 19-თან მებრძოლი გმირი.

_ ამან იქონია გავლენა?

_ ჩემი აზრით კი. იმიტომ, რომ შედარებით უფრო ქარიზმატული ლიდერია. მე კი არ ვამბობ, რომ კარგი ლიდერია, მაგრამ ქარიზმატული ფიგურაა, სხვებთან შედარებით და ხალხის ნაწილი მას უფრო აღიქვამს ლიდერად, ვიდრე მის წინამორბედ მამუკა ბახტაძეს მაგალითად. 20 ივნისი დიდი შეცდომა იყო, მაგრამ კივიდთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის აღქმა, რომ მას გაუმკლავდა, წინა პლანზე იყო და წინა ხაზზე იდგა. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას, რომ მაინც აღიქმება ხალხის ნაწილში, როგორც კარგი მენეჯერი. ისევე როგორც კალაძე. იმიტომ, რომ ქალაქში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

_ ესეც საინტერესო საკითხია, კრიტიკის მიუხედავად კალაძე კვლავ რჩება მოწონებად ფიგურად წლების განმავლობაში და ასევე კითხვებს ბადებს და ამოუხსნელ ფენომენად რჩება მოწონების თვალსაზრისით დავით ბაქრაძის ლიდერობაც. ეს რით უნდა აიხსნას?

_ იცით რა არის? დავით ბაქრაძე სოლიდური ფიგურაა, რომელიც სხვებს არ აყენებს შეურაცხყოფას. კი აკრიტიკებს, მაგრამ განათლებული და გაწონასწორებული პიროვნებაა.

_ ანუ როდესაც ხალხის გაღიზიანებას არ იწვევს, ეს მოქმედებს?

_ დიახ. მაგალითად, გიგა ბოკერიაც ძალიან განათლებული და გონებაგახსნილი ფიგურაა, მაგრამ არის საზოგადოების ნაწილი, ვისაც ბოკერია აღიზიანებს. მე ვთვლი, რომ ძლიერი პოლიტიკოსია. ამ ფაქტორიდან გამომდინარე ხდება მისი რეიტინგის განსაზღვრა.

რაც შეეხება კალაძეს. „ოცნების“ სხვა წევრებისგან განსხვავებით უუნაროდ არ აღიქმება. სულ რომ არაფერი კალაძის დროს კეთდება ინფრასტრუქუტურული პროექტები. იქ პარკი გაიხსნა, იქ რაღაც შეკეთდა… შეიძლება ამომრჩეველს „ოცნება“ არ მოსწონდეს, მაგრამ იძახდნენ, რომ რაღაც კეთდება და ამის გამო კალაძე მოწონებადი ფიგურაა.

_ ანუ საქმეს ხედავენ და ეს არის მისი რეიტინგის განმსაზღვრელი?

_ დიახ. შეიძლება წარსულის ფაქტორიც მოქმედებს, რომ ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობდა. არის ფაქტორები, რაც განაპირობებს მის შედარებით მაღალ რეიტინგს. თუნდაც იგივე ივანიშვილთან შედარებით. ივანიშვილი საქმის გამკეთებლად არ აღიქმება. დაჰპირდა საზოგადოებას, მაგრამ საქმეს არ აკეთებს. კი, დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, მაგრამ ეს არ აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მე პირადად კალაძესთან ბევრი კითხვები მაქვს. როდესაც ის აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 9 წელს ასე მწვავედ, ისიც ხომ გვახსოვს, რომ დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში ის მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. მათ შორის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგაც. გვახსოვს, როდესაც სააკაშვილის მხარდამჭერებში იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მის ტელეპრეზენტაციაშიც იღებდა მონაწილეობას.

კითხვები არსებობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უფრო კარგი მენეჯერია, ვიდრე იყო ნარმანია. ნარმანიასაც სოლიდური განათლება აქვს მიღებული გერმანიაში, კარგი მეცნიერია, მაგრამ როგორც მენეჯერი ვერ იყო ეფექტიანი და პიარტექნოლოგიების თვალსაზრისითაც არ ჰქონდა მის საქმეებს ეფექტი. იგრძნობა, რომ რაღაც კეთდება ახლა, განსხვავებით იმ პერიოდისგან.

_ მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ რეიტინგების მხრივ არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა, რომ არ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას ძალიან სერიოზული სამუშაო აქვს ჩასატარებელი. რეიტინგი, რაც დაიდო ამ კვლევით, აწყობს ოპოზიციას?

_ კი, რა თქმა უნდა. სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. ვხედავთ, რომ ხელისუფლება საინფორმაციო ომს უგებს ოპოზიციას. ეს არის პრობლემა ოპოზიციისთვის. თუნდაც იგივე კოვიდ 19-თან დაკავშირებითაც.

არის შავი პიარი ხელისუფლების მხრიდან, რომ იმ 9 წელში იყო სისხლი და ა. შ. იგივე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მილიონზე მეტი ადამიანის მობილიზება შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ამ მეთოდის გამოყენებით.

ჩემი აზრით დიდი შეცდომაა საარჩევნო კამპანია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა. 2012 წლამდეც შეცდომა იყო… თვითონვე აცხადებდნენ, რომ ბრალდებებს, რომელსაც გვიყენებდნენ პასუხს არ ვცემდითო და გვეგონა, რომ მოსახლეობის ცნობიერება სერიოზულ დონეზე იყო ასული და ამ ბრალდებებს სერიოზულად არ ვიღებდითო. რეალობა ისაა, რომ ბევრმა დაიჯერა, რომ ბენზინიდან 1 ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა. დაიჯერეს, რომ კომუნალური ტარიფები ორჯერ არის გაზრდილი, დაიჯერეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მიშა ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა და ა. შ.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო ომს იგებს და ამიტომაც არის ეს შედეგები. ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ერთიანობაა საჭირო მაჟორიტარებთან დაკავშირებით და აუცილებელია, რომ როგორც მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების დროს იყოს კოორდინირებული ქმედება.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად