ოთო კახიძე: ნინო ანანიაშვილის ეს აღქმაც მიუთითებს საბჭოთა მემკვიდრეობაზე

ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ოკუპანტს აფიქრებინებს, რომ თითქოს საქმე ნორმალურად არის და ჩვენ როგორც ერი შევეგუეთ ტერიტორიების ოკუპაციას და აღარ გვაქვს პროტესტი, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას “აიპრესთან” ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს:

_ როგორ აფასებთ ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას, როდესაც ის ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს და მისაღები იყო თქვენთვის ის არგუმენტაცია რაც დასახელდა?

_ მე ზოგადად არ ვთვლი სწორად ოკუპაციის პირობებში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს. ეს იქნება რუსეთში რომელიმე საბალეტო დასის ხელმძღვანელობა თუ მოსკოვში კონცერტების გამართვა… ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ოკუპანტს აფიქრებინებს, რომ თითქოს საქმე ნორმალურად არის და ჩვენ როგორც ერი შევეგუეთ ტერიტორიების ოკუპაციას და აღარ გვაქვს პროტესტი. ამ კლიმატს აძლიერებს ასეთი გადაწყვეტილებები. მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, თუმცა ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია.

_ ეს ბუნებრივია თუმცა ბევრი კითხვა გააჩნია იმას, როდესაც ანანიაშვილმა შეადარა რუსეთი და გერმანია ერთმანეთს და თქვა, რომ გერმანიასთანაც გვქონდა ომი და ეს არ ნიშნავს, რომ დღეს არ უნდა გვქონდეს გერმანიასთან მეგობრული ურთიერთობაო. რბილად რომ ვთქვათ, ეს რამდენად  სწორია?

_ როდესაც საბჭოთა კავშირი-გერმანიის ომი აღქმულია, როგორც საქართველო-გერმანიის ომად, ესეც მიუთითებს საბჭოთა მემკვიდრეობაზე, მაგრამ ამის გარდა მთავარი შეცდომა პარალელურად არის ის, რომ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ჩვენი მოქალაქეების განდევნა საკუთარი სახლებიდან, ეს მიმდინარე პროცესია და აწმყოში ვითარდება ეს. ეს არ არის წარსულში განვითარებული კონფლიქტი, რომელიც ამოიწურა. ოკუპაცია ახლაც გრძელდება – ჩვენი მოქალაქეების მოტაცება, მკვლელობა, წამება. მავთულხლართების გადმოწევა და ადამიანებისთვის უფლების არმიცემა, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. ეს პარალელი წარსულ კონფლიქტებთან უბრალოდ მცდარია.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...