ოთხ კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმები შეუწყდა

NULL

მთავრობამ ოთხ კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმები შეუწყვიტა.

განკარგულებების თანახმად, შეწყვეტილია საქართველოს მთავრობასა და შპს Royal Haskoning DHV-ს, შპს “ჯორჯიან ჰაიდროფაუერს”, შპს “თრიალეთი 2013”-სა და შპს “ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმები.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნა, მემორანდუმები კომპანიების მხრიდან დარღვეული პირობების გამო შეწყდა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიებთან მოლაპარაკებები გრძელდება.

,,ოთხივე კომპანიამ დაარღვია ის მნიშვნელოვანი პირობები, რომელთაც მემორანდუმი გაუქმებამდე მიყავდა. საუბარია კვლევისა და ხელშეკრულების დადების ვადებზე. განახლებული პირობებით, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ აღნიშნული კომპანიების მხრიდან რესურსი და მზაობა არ არსებობს, მათთან ერთად პროექტების განვითარება არ გამოვა”,

– აღნიშნავს ხმალაძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში რევაზ არველაძე აცხადებს, რომ მემორანდუმების შეწყვეტა ხდება მაშინ, როცა ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა, ეს არ ნიშნავს ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტას და იგივე კომპანიას რეალური მიზეზების დასაბუთებით, მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლია.

“თუ ტენდერი გამოცხადდება და მასში მონაწილეობას სხვა კომპანიებიც მიიღებენ, მე უპირატესობას მათ მივანიჭებდი. კომპანიამ, რომელმაც ერთხელ უკვე არ შეასრულა საქმე ვადებში, რატომ უნდა დავიჯერო, რომ მეორედაც იგივეს არ გააკეთებს?!”

 

– აღნიშნავს არველაძე და განმარტავს, რომ ამ მემორანდუმების გაუქმებით სახელმწიფო ბევრს არაფერს აგებს, თუმცა მისი თქმით, გარკვეული პერიოდი თავისთავად ცხადია – დაიკარგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად