ოთარ კახიძე შენგელიაზე: მისი კლუბი ეკუთვნის ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში უამრავი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას უარყოფითად აფასებს.

როგორც გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს, შენგელიას ახალი კლუბი ეკუთნის ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში უამრავი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.

„ქართველი სპორტსმენების ოკუპანტ ქვეყანაში მოღვაწეობა მისასალმებელი ვერასდროს იქნება, მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალების სპორტულ კლუბში თორნიკე შენგელიას გადასვლა სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა და მორალური ორიენტირების წარმოუდგენელი აღრევა. თორნიკე ამბობს, იმედია, ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლებაო, მაგრამ აბა როგორ არ შეიცვლება? მისი კლუბი ეკუთვნის ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში უამრავი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი და არა მხოლოდ 2008 წელს (1992-93, 1918-21 წლებშიც არ დავუზოგივართ). ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა საჭიროა მორალური სიცხადე, რადგან კომპრომისი და ფასეულობათა აღრევის ასეთი პრეცედენტის შექმნა მომავალში დიდ ზიანს მოგვიტანს, როგორც საზოგადოებას. საზოგადოება, რომელმაც გავრილოვი არ მიიღო, ვერც ჩვენი კაპიტნის იმ ორგანიზაციის სპორტულ კლუბში მოღვაწეობას მიიღებს, რომელმაც გავრილოვი 1992-1993 წლებში აფხაზეთში მოავლინა,” – წერს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ: თორნიკე შენგელიამ ესპანური “ბასკონია” 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ “ცსკა”-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს “ბასკონიაში” გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად