ოთარ კახიძე: ლევან ვასაძის განცხადებები არაადეკვატური და საფრთხის შემცველია

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებები არაადეკვატური, საფრთხის შემცველია და ძალოვანი უწყებების რეაგირებაა საჭირო.

“ადამიანი, რომელიც ქამრებითა და კომბლებით გამოდის, რაღაც რაზმებს აყალიბებს, არ არის ადეკვატური და აცდენილია თანამედროვე რეალობას” -განაცხადა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ლევან ვასაძის განცხადებები საფრთხის შემცველია, ცუდ განწყობებს აღვივებს და ადამიანებს უმცირესობების მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებს.

„ამაზე რეაგირებაა საჭირო. ძალოვანი უწყებები იმიტომ გვყავს, რომ მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები გარანტირებული იყოს. პირველ რიგში, მოქალაქეები ძალადობისა და ლევან ვასაძის მსგავსი წარმონაქმნებისგან უნდა იყვნენ დაცული”, – განაცხადა  ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, “თბილისის პრაიდის” საპროტესტო “კაცების აქციაზე” განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში პატრულირების მიზნით ლეგიონს ქმნიდა. ასევე,  LGBT თემის “ყურის აწევის საზოგადოების” დაფუძნების იდეით გამოვიდა.

მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა განაცხადება, რომ უკანონო ფორმირებების შექმნის მოწოდებისთვის ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს

შეგახსენებთ, დღეს “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თაბაგარმა “აიპრესთან” განაცხადა: უსაფრთხოების გამო, შსს-მ გვითხრა “თბილისი პრაიდი” არ ჩაატაროთო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად