ოთარ კახიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა სრულიად დისკრედიტებულია

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა სრულიად დისკრედიტებულია. სამი არამოსამართლე წევრი, რომელიც თავის მოვალეობას პრაქტიკულად არაჯეროვნად ასრულებს, გამოწვეული უნდა იყოს. ეს შემადგენლობა მთლიანად დასაშლელია, ვინაიდან მათ აჩვენეს, რომ ემსახურებიან არა კანონს, არამედ ვიწრო ჯგუფის ინტერესებს, რომელიც ივანიშვილისადმი მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას უზრუნველყოფს”,,-​​ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შეფასებისას განაცხადა.

ოთარ კახიძის თქმით, პროცედურები როგორც არ უნდა ჩაატარონ და შეფუთონ, თითქოს გამჭვირვალობის სტანდარტები დაცულია, მთლიანობაში ჩვენ საზოგადოებისთვის სასურველ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ.

“ვგულისხმობ სანდო და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ამას ფუნდამენტური ცვლილებები და სერიოზული რეფორმა დასჭირდება, რომლის ინიციატივითაც „ევროპული საქართველო“ გამოვიდა. ეს არის ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გაფართოება, რომ კონტროლირებადი მოსამართლეების როლი შეიზღუდოს ჩვენი მოქალაქეების ბედის გადაწყვეტაში. ასევე ეს მთლიანად სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას ეხება, რათა ის კონტრაქტი, რომელიც ივანიშვილს აქვს გაფორმებული მურუსიძე-ჩინჩალაძესთან, გაუქმდეს და ჩვენ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ვართ, სასამართლო მივიღოთ. ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც პარლამენტს ასარჩევად ექნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატები, სიას მოგვაწვდიან და უნდა ავირჩიოთ ან მიქაუტაძე, ან გვრიტიშვილი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 11 მაისიდან დაიწყება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა.

მოსამართლეების ვაკანსიებზე განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ვაკანსია 20 კანდიდატურაზეა გამოცხადებული; განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად