ოთარ კახიძე: არადროსაა კარგი, როცა ვინმე პარტიას ტოვებს – ჩემსა და გიგის შორისაც იყო პრობლემები

“ყოფილი თანაგუნდელებისგან განახვავებით არ ვაპირებ არც მათკენ ხელის გაშვერას, არც რაიმე ტიპის უკუგადაბრალებას, ეს განხილვა არ მიმაჩნია ზოგადად ლამაზად”.

ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე პარტიიდან გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძის წასვლას.

“მე ყოფილი თანაგუნდელებისგან განახვავებით არ ვაპირებ არც მათკენ ხელის გაშვერას, არც რაიმე ტიპის უკუგადაბრალებას, ეს განხილვა არ მიმაჩნია ზოგადად ლამაზად. რაც შეეხება მათ წასვლას, არადროსაა კარგი, როცა ვინმე პარტიას ტოვებს, მაგრამ არანაკლებ გამოცდილი ფიგურები არიან ჩვენ პარტიაში, რომლებიც ჩემი აზრით, მოახერხებენ მათ ღირსეულად ჩანაცვლებას. ვგულისხმობ, აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს, ყველაზე დიდი სტაჟის და გამოცდილების მქონე პოლიტიკოსებს, ასევე გიგა ბოკერიას, რომელსაც “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარედ განვიხილავ და იმედია, ამასთან დაკავშირებით იქნება საერთო პოზიცია, ვთვლი, რომ ის გამორჩეულია თავისი პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და იმ ღირებულებების ერთგულებით, რასაც “ვარდების რევოლუცია” 2003 წელს ეფუძნებოდა. ვფიქრობ, დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლებთან ახლო კომუნიკაცია”, – განაცხადა ოთარ კახიძემ პარტიის ყრილობაზე.

მისივე განმარტებით, არ სურს ხელის გაშვერა დაიწყოს ყოფილი თანაგუნდელების მიმართ.

“დაპირისპირება არსებობდა, ეს იყო საჯარო, ჩემსა და გიგის შორისაც იყო ეს პრობლემები, არ მინდა ამ საკითხებს მივუბრუნდე და ხელის გაშვერა დავიწყო ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომლებთანაც საერთო ბრძოლა და გამოცდილება მაკავშირებს”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...