“ოთახის ელიტა და მისი აპოლოგეტები” – ანდრო ბარნოვის პასუხი დარჩიაშვილს და ნოდიას

"ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ჯგუფებს შორის გავლენისთვის გამართული დაპირისპირება არ არის. მათ გარკვეული ინტელექტუალური დისკურსი თუ ამ დისკურსის ჩამოყალიბების მცდელობები ახლავს თან. მინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილო ბოკერიას დაჯგუფების მხარეს მოასპარეზე მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე. კერძოდ, ამ დღეებში გადავაწყდი გია ნოდიას რამდენიმე პოსტს (ის განსაკუთრებით გულმოდგინედ შრომობს ამ ფლანგზე) და დათო დარჩიაშვილის სტატიის მაგვარ წერილს, რომლისთვისაც ასე უწოდებია: „ორ ცეცხლს შუა, ანუ მიშას ფენომენი“. ამ უკანასკნელით დავიწყებ." – ანდრო ბარნოვი თავის სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით "ოთახის ელიტა და მისი აპოლოგეტები".

 
"ცნობილი კაცი რომ ხარ, მოაზროვნედ რომ მიაჩნიხარ მავანს, პროფესორიც რომ ხარ, პარლამენტის წევრიც რომ იყავი, მიშას გუნდის წევრიც რომ გერქვა წლების განმავლობაში, ამ რეგალიებით დამძიმებული, სტატიას რომ დაწერ სათაურით „მიშას ფენომენი“ და ერთ სიტყვასაც არ ამბობ ამ „ფენომენზე“, უკვე საკმარისი მიზეზია, რომ მკითხველმა დაასკვნას, გვარიანად აბნეულა, საწყალიო.
 
დათო დარჩიაშვილის ეს არაფრისმთქმელი სტატია თავიდან ბოლომდე თავის მართლების უბადრუკი მცდელობაა. უბადრუკი იმიტომ, რომ ავტორს არც არავინ სთხოვს თავის მართლებას. მას თუ ოდესმე ვინმე რამეს სთხოვდა, ეს იყო პოზიცია და არა – თავის მართლება. თუმცა, მას სხვაგვარად ურჩევნია: დაიკავოს უპრინციპო, იოლი, უპოზიციო ბნელი კუთხე და შემდეგ თავის მართლებით და ცრემლებით მოგვილბოს გული, რომელიც არც არავის გაუბოროტებია მის მიმართ. ერთი კია, ეს მგლოვიარე სტატია განმსჭვალულია საკუთარი უსუსურობის ღრმა შეგრძნებით, რაც პირადად ჩემთვის მართლაც მძიმე საყურებელია.
 
მგლოვიარეს დაკვირვებით, ენმ მაინც წააგებდა, სამართლიანადაც რომ ჩატარებულიყო არჩევნები. ენმ-მ ვერ დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ იგი ბიძინას საუკეთესო ალტერნატივააო, მოთქვამს დარჩიაშვილი, დამნაშავის ძებნისას კი კონკრეტულ მისამართს ვერ უთითებს. „ყველა დამნაშავეა“ – ესაა მისი დასკვნა. ხაზებს შორის კითხვა რომ შემეძლოს, ალბათ აღმოვაჩენდი, რომ ამ „ყველა დამნაშავეა“-ში მთავარი დამნაშავეთა შორის მიშას ხსენებაა, ანუ იმის მითითება, რომ პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა კი არაა დამნაშავე, არამედ – ასევე მიშა. დანაშაული კი თურმე ის ყოფილა, რომ საარჩევნო კამპანიებში, ნებსით თუ უნებლიედ, მიშაც ფიგურირებდაო.
 
აქ მინდა გამგებიანად გავუღიმო და ვუთხრა დარჩიაშვილებს: „მართლა ამბობთ ამას?“ მაგრამ ეს ხომ ძალიან სასაცილოა, საყვარლებო. ანუ, თქვენ უცნაურად მიგაჩნიათ, რომ ენმ-ში, რომელმაც ერთი ახალი ლიდერით ვერ მივიდა არჩევნებამდე, სადაც პარტიის ხელმძღვანელობა გავეშებული ებრძოდა ახალ ლიდერებს რაიონულ დონეებზეც კი, სადაც იქამდე მიიყვანეთ საქმე, რომ ზოგმა კარი გამოგიჯახუნათ და ისე წავიდა, ზოგი ბიუროკრატიულად ჩააჩოჩეთ და არსად გამოაჩინეთ, სადაც საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან ბევრ ადგილას ისეთი ხალხი დააყენეთ მაჟორიტარებად, ბოლო ათი წელი მოსახლეობას მათი გინება რომ არ შეუწყვეტია, სადაც ერთი კაცის (ბოკერიას) ერთგულების ნიშნით შეარჩიეთ ე.წ. „ახალი სახეები“ და სადაც ხშირად წამგებიანი კანდიდატების დაყენება არჩიეთ ისევდაისევ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ პირადი ერთგულების ტესტი ვერ გაიარა… და ამ ჩამყაყებულ, ულიდერო და უსინათლო გარემოში, სადაც ხალხი ისევდაისევ მხოლოდ მიშას გამო გაქცევდათ საერთოდ ყურადღებას, თქვენ გიკვირთ, რომ მიშა „ნებსით თუ უნებლიედ“ ფიგურირებდა საარჩევნო პროცესებში? არაა ეს სასაცილო? სინდისი რომ გქონდეთ, მადლობას არ უნდა ეუბნებოდეთ, რომ ფიგურირებდა? რამდენ ხმას აიღებდით მას რომ არჩევნებამდე გამიჯვნოდით, ერთხელაც არ გიფიქრიათ? თუ მართლა გჯერათ, რომ ბაქრაძეს მისცემდა ხალხი ხმას?
 
საზოგადოებას ვერ დავუმტკიცეთ, რომ ბიძინას ვჯობივართო. კი მაგრამ, ამის მიზეზად მიშას გარდა ვერაფერს ხედავთ? თქვენ მართლა გგონიათ, რომ პროკურორად ოთო კახიძე რომ დაგესახელებინათ, ან გაბაშვილის პრემიერობას რომ დაპირებოდით ხალხს, ასე მოიგებდით არჩევნებს? რა დაგემართათ მართლა? ასეთი დაბალი აზრის არ ვიყავი არასოდეს თქვენს ინტელექტზე და მე ვცდებოდი თუ რამე ახალი დამალული მიზეზია ახლა?
 
მე მგონი, როგორც გონიერ ადამიანებს, უნდა გესმოდეთ, რომ საზოგადოების დარწმუნება არც მხოლოდ ბიძინას გინებით გამოვა და არც – არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოგონილი მესიჯბოქსებით. პარტია უნდა ასხივებდეს არამარტო ზოგადი იდეალების ერთგულებას (რასაც ასევე არ ასხივებთ), არამედ – კონკრეტულ იდეებს და პროექტებს უნდა სთავაზობდეს საზოგადოებას და იბრძოდეს ამ იდეების განსახორციელებლად. ამას ვერც ოდესიდან გააკეთებს ერთი ადამიანი და ვერც თბილისის კაბინეტებიდან შეძლებს ხუთი თუ ათი ადამიანი. თქვენ წაგაგებინათ სწორედ იმ ლიდერების დანაკლისმა, რომლებსაც ასე გულმოდგინედ ებრძოდით ამდენი წელი. წაგაგებინათ დღევანდელი ხელმძღვანელობის მიერ სკამების წრეგადასულმა სიყვარულმა, წაგაგებინათ იმან, რომ ამ ხელმძღვანელებს ეშინიათ გახსნილობის, კონკურენციის, ვერ წარმოუდგენიათ თავი თანამდებობის გარეშე. აი, ამან წაგაგებინათ და არა იმან, რომ საარჩევნო კამპანიაში ფიგურირებდა ადამიანი, რომელიც, ისევ თქვენი ქმედებების გამო, საბოლოო ჯამში ერთადერთ მიზეზად დარჩა, რის გამოც ხალხმა ხმა მისცა პარტიას.
 
თქვენ წაგაგებინათ იმან, რომ თქვენ ისევე არ იყავით მზად ხმების დასაცავად, როგორც არ იყავით მზად იდეალებისთვის საბრძოლველად. თქვენ პარტიულ სკამსა და პარტიისა და ქვეყნის ინტერესს შორის დილემა ყოველ ჯერზე სკამის სასარგებლოდ გადაწყვიტეთ. სწორედ ამან წაგაგებინათ.
 
დარჩიაშვილის წერილში კიდევ ერთი ძალიან სასაცილო მომენტია. „ჩვენი პარტია უნდა ეძებდეს თანამშრომლობის გზებს მათთან, ვისაც ჩვენსავით უნდა ევროპული საქართველო, მაგრამ აშინებს მიშას სიხისტე და ემოციურობაო“ – წერს. ნეტავ, ვინ იგულისხმება ამ „შეშინებულებში“? გამქრალი თავდემები თუ გამქრალი რესპუბლიკელები? თუ, იქნებ, გირჩი? ენმ-ს გირჩთან გაერთიანების პერსპექტივა ძალიან საინტერესო დასკვნებისკენ კი გვიბიძგებს, მაგრამ ნუ შეჩერდებით, გაშიშვლდით ბოლომდე…
 
რაც შეეხება გია ნოდიას, მან გადაწყვიტა, რომ გამოიყენოს თავისი ცნობადობა და სააკაშვილის მოშორების სპეცოპერაციაში საზოგადოებრივი აზრის მანიპულატორის როლი შეასრულოს. განსაკუთრებით მიუღებელი იყო მისი ერთ-ერთი ბოლო პოსტი, სადაც ნოდია გასაოცარ აბსურდს გვთავაზობს. „დროის სულისკვეთების“ ბრძნული მოშველიებით ეს ბატონი ცდილობს განგვიმარტოს, რომ რაც დღეს ენმ-ში ხდება, ელიტის წინააღმდეგ მასების ჯანყი ყოფილა. მიშა აქაც ფიგურირებს, ოღონდ არა როგორც მასა ან ელიტა, არამედ – როგორც მასებით მანიპულატორი (მესამე ხმაა, ფაქტიურად), ბოკერია და მისი დაჯგუფება კი, ნოდიას მიხედვით, თვითნაბადი ელიტაა, რომელსაც მიშა მასებს უმხედრებს. ზოგადად, ნოდიას მთელი ეს წერილი ბოკერიას აპოლოგიაა, რომელიც თურმე კი არის ქედმაღალი (თითქოს, ეს იყოს ძირითადი პრობლემა), მაგრამ „რომელი ჩვენგანია ბოლომდე თავისუფალი ქედმაღლობისგან?“ ასე სწმენდს ბოლოს ნამუსს.
 
მოდით, ახლა დავუბრუნდეთ მთელი ამ კაკაფონიის ძირითად შინაარსს და ვნახოთ, რა აბსურდამდე მივდივართ. დარჩიაშვილიც და მისი აღმზრდელი ნოდიაც თანხმდებიან, რომ ენმ-ს დღევანდელი ხელმძღვანელობა ელიტაა. დარჩიაშვილი მას ურბანულ საშუალო კლასს უწოდებს, ანუ ცდილობს, ურბანული საშუალო კლასი უაპელაციოდ დაუკავშიროს იმ პატარა დაჯგუფებას, რომელიც დღეს ენმ-ს მართავს.
 
„ელიტა“, მოგეხსენებათ, რჩეულს ნიშნავს. მაგრამ დავსვათ კითხვა, ვის შორის რჩეულები არიან ეს ადამიანები? მაგალითად, მე შემიძლია ჩავიკეტო ოთახში და ამ ოთახში საკუთარი თავის ელიტა ვიყო. ამ შემთხვევაში ეს დაჯგუფება მართლაც ელიტა გამოვა: არიან თავისთვის ჩაკეტილები და აქებენ ერთმანეთს. ოთახის გარედან რომ ფანჯრებს უმტვრევენ და დედას აგინებენ, ეს მათ არ აღელვებთ. ჩაკეტილში მშვენივრად გრძნობენ თავს – ელიტურად.
 
სოციოლოგიაში „ელიტა“ ნიშნავს საზოგადოების მცირე ნაწილს, რომელიც აკონტროლებს უმეტეს რესურსებს და აქვს საზოგადოებაზე პოლიტიკური გავლენა. ამ შემთხვევაშიც, ეს პატარა დაჯგუფება ისევ ოთახის ელიტა გამოდის. ისინი არც ყველაზე მეტ რესურსს აკონტროლებენ და არც ყველაზე მეტი პოლიტიკური გავლენა აქვთ საზოგადოებაში. ოთახის ელიტაა, მართლაც.
 
ამ ოთახს მიღმა ადამიანები ცხოვრობენ თავისი პრობლემებით. მათ მართლა ყავთ თავისი ელიტები – სფეროების მიხედვით, ინტერეს ჯგუფების მიხედვით და ა.შ. არსებობენ საერთო ეროვნული მასშტაბის ელიტებიც, რომელთა გავლენა სცილდება ერთ რომელიმე ჯგუფს ან სფეროს. ჯანსაღი კავშირი სწორედ ამ ჯგუფებში ხორციელდება. ზოგს ინაშვილი და ივანიშვილი მოსწონს, ზოგს – სააკაშვილი – მათი პრიორიტეტების მიხედვით. ენმ-ს, ცხადია, ასევე ყავდა, ყავს და ეყოლება თავისი ელიტა, ანუ ლიდერები, რომელთა მიმართაც მხარდამჭერებს აქვთ სრულიად კონკრეტული ქიმიური კავშირი: ხედავენ მათ მათი ინტერესების გამომხატველად, ამ ინტერესების დამცველად და განმახორციელებლად.
 
იმისათვის, რომ ეს კავშირი შედგეს, რამდენიმე ძირითადი პირობაა საჭირო.
 
1. ჯგუფი უნდა „ცნობდეს“ ლიდერს, ანუ უნდა მოსწონდეს ის ერთი ან რამდენიმე ზოგადი ნიშნით, რის მიხედვითაც ჯგუფს ექმნება ზოგადი მზადყოფნა იმისათვის, რომ მოუსმინოს მას. თუ ლიდერმა ეს ბარიერი ვერ გადალახა, ის ჯგუფთან კონტაქტს ვერ დაამყარებს. ბოკერიას ჯგუფს უკვე ამ პირველ კომპონენტში აქვს ძალიან დიდი პრობლემა. ისინი არა უბრალოდ კონტაქტს ვერ ამყარებენ ხალხთან, არამედ – გმობენ, ემიჯნებიან, ლანძღავენ ყველას, ვინც მათ ტაშს არ უკრავს.
2. აუცილებელია, რომ ჯგუფი ცნობდეს მესიჯებს, ანუ მესიჯები, რომლებსაც პოტენციური ლიდერები აჟღერებენ, ახლოს იყოს ადამიანების რეალურ მოთხოვნებთან. ეს არის კომუნიკაციის მეორე აუცილებელი ეტაპი, რომლის გადალახვის გარეშე ლიდერი ვერ გამოიკვეთება. ბოკერიას დაჯგუფებას აქაც დიდი პრობლემა აქვს. მათ არ შეუძლიათ კომუნიკაცია. მათ უყვართ „სიბრძნეების“ ფრქვევა, რასაც თუ ტაშს არ დაუკრავ, მაშინვე ლანძღვა-გამიჯნვას მიიღებ. ამიტომ, მათ შეუძლიათ კომუნიკაციის დამყარება ადამიანთა უკიდურესად ვიწრო წრესთან – არსებითად მხოლოდ მათთან, ვინც იმთავითვე არის მათი სოციალური წრის წარმომადგენელი. ანუ რეალურად რამდენიმე ასეულ ადამიანზე ვსაუბრობთ, წრეზე, რომელსაც პერმანენტულად აკლდება წევრები – იმის მიხედვით, თუ რამდენად უახლოვოდებიან ამ ოთახის ელიტის წვერს. სასაცილო აქ ისაა, რომ რაც უფრო უახლოვდებიან, მით უფრო სცილდებიან და არა პირიქით, რადგან ამ ჯგუფის წესების მიხედვით, სიახლოვეში კონფლიქტები მრავლდება, ცნობილი დასასრულით.
3. ჯგუფს უნდა სჯეროდეს პოტენციური ლიდერის შესაძლებლობების. ანუ, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ესა და ეს ლიდერი არა მხოლოდ სიმპათიურია მათთვის და არა მხოლოდ მისაღებ საკითხებზე საუბრობს, არამედ – რეალურად შეუძლია ამ საკითხებისთვის ბრძოლა და გატანა. ბოკერიას ჯგუფს უზარმაზარი პრობლემა აქვს ამ კომპონენტშიც, რასაც ბოლო არჩევნებმა სულ ბოლო მოუღო. მათ არათუ ვერ დაიცვეს ხმები, არამედ – დემონსტრაციულად უარი განაცხადეს ბრძოლაზე და საკუთარ ამომრჩეველს განუცხადეს, არც ისე ბევრი ხმა დაკარგულა, რომ მათთვის ბრძოლა ღირდესო. კატასტროფაა, დამეთანხმებით…
 
ნოდიას სხვა პოსტულატებს, რომ სააკაშვილი არის უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელიც განწირულია წარუმატებლობისთვის, რომ ის იბრძვის პირადი ინტერესებისა და არა – პრინციპებისა და იდეალების გამო, რომ პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა კი არ დაუპირისპირდა სააკაშვილს, არამედ – სააკაშვილი დაუპირისპირდა მათ და ეს არჩევნების შემდეგ სწორედ მან გააკეთა… და სხვა მრავალ ამგვარ ტყუილსა და აბსურდს არ მინდა აქ ჩავუღრმავდე, წაქცეულზე ხელის კვრა არ ისე სახალისო სპორტია…
 
დავუბრუნდეთ მიშას და ამ სამი აუცილებელი კომპონენტის მიხედვით განვიხილოთ მისი პოლიტიკური იმიჯი, ანუ „ფენომენი“, რომელიც დარჩიაშვილს მხოლოდ სტატიის სათაურში გაახსენდა და შემდეგ შემთხვევით გამორჩა… ანუ, უნდა ვიკითხოთ – შეუძლია მას ამომრჩეველთან კონტაქტის დამყარება? მგონი მისი მოძულეებიც აღიარებენ, რომ ამ მხრივ ყველაზე დიდი პოტენციალი სწორედ მას აქვს. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი არ არის ოთახის მცენარე. ის მუდმივად ხალხშია, მუდმივად კონტაქტზეა, ხალხის დიდ ნაწილს ის მოსწონს და, თუ შეეცდება, კიდევ უფრო მეტს შეუძლია მოაწონოს თავი. საერთოდ, საინტერესოა, რომ ბევრი პოლიტიკოსისაგან განსხვავებით, მიშას არ ყავს და, მგონი, არც ყოლია იმიჯმეიკერი. რაცაა – ესაა. მისი პლუსიც და მინუსიც ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა. ის ხშირად იწვევს პოლარიზებას: ან უყვართ, ან – სძულთ. თუმცა, ამ ორ პოლუსს შორის სასწორი ადვილად იხრება ხოლმე გლობალური პოლიტიკური ამინდის მიხედვით, რისი მიზეზიც ისაა, რომ მიშა ყოველთვის ახერხებს, გახდეს იმის სიმბოლო, რასაც აცხადებს და განასახიერებს.
 
ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე, რაც მიშას აქვს, ესაა ის, რომ ის მკაფიოდ გამოხატავს თავის ძირითად მესიჯებს. მაგალითად, ვერავინ შეეჯიბრება რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში. ეს ნიშა მისია. ვერავინ შეეჯიბრება აღმშენებლობის კონტექსტში – ეს ნიშაც მისია. ვერ შეეჯიბრებიან ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის კონტექსტში – აქ რეალურად სრულად ჩაანაცვლა გამსახურდია;
 
შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის კონტექსტში – მისია ეს ნიშაც. ეკონომიკური აღმავლობის კონტექსტში – მისია ესეც… ახლა მიშა ცდილობს, დაიმატოს ახალი ნიშები, სადაც პრინციპში კონკურენტები არც ყავს. მაგალითად, განათლების ნიშა. ამ მხრივ უკვე ბევრი არგუმენტი დააგროვა საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად და სავარაუდოდ გააგრძელებს ამას; ადამიანის უფლებები და დემოკრატია – არგუმენტები აქაც ბევრი აქვს, თუმცა საზოგადოებისათვის აშკარად არასაკმარისი. ბევრი აქვს სხვა პრობლემაც, მაგრამ ის არ ჯიუტობს და არ იქცევა ოთახში გამოზრდილი კაპრიზული ბალონკა ძაღლივით. სწავლობს, აშენებს საკუთარ იმიჯს და, მოკლედ რომ ვთქვათ, ზრდის და ზრდის საკუთარ პოტენციალს, რისთვისაც არც ენერგია აკლია.
 
ახლა მესამე კომპონენტს შევხედოთ – სჯერა საზოგადოებას, რომ სააკაშვილს შეუძლია იბრძოლოს დასახული მიზნებისთვის? მგონი, აქ შეგვიძლია პასუხიც არ გავცეთ, იმდენად ნათელია ეს პასუხი… თუ პირველ ორ კომპონენტზე, აშკარა უპირატესობების მიუხედავად, მაინც ბევრი სამუშაო აქვს, რომ მხარდამჭერთა რიცხვი გაზარდოს, მესამე ბოლომდე მისია. მის ენერგიულობაში და მიზანდასახულობაში მართლაც არავის ეპარება ეჭვი.
 
სააკაშვილს პრობლემებიც საკმარისად აქვს. მაგალითად, ის სიტუაცია, რაც დღეს არის პარტიაში, მთლიანად იმის შედეგია, რომ თავის დროზე სააკაშვილმა აქცენტი გააკეთა არა პარტიის ინსტიტუციურ განვითარებაზე, არამედ – კონკრეტულ ლიდერებზე. მან აქცენტი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებაზე გააკეთა, პარტიული სისტემა კი მთლიანად ამ „ნიშურ ლიდერებს“ დააყრდნო, რაც პარტიის განვითარებისათვის არასაიმედო საყრდენია და დღეს ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. ეს პრობლემა არ ჩანდა, როდესაც პარტია ხელისუფლებაში იყო, მაგრამ ოპოზიციაში გადასვლის დღიდან ძირითად პრობლემად იქცა და დღევანდელობა გვიჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც ეფექტიანი პოლიტიკური მექანიზმის აღორძინება მთლიანად ძლიერ შიდაპარტიულ ინსტიტუციონალიზაციაზეა დამოკიდებული.
 
ამის გარეშე პარტია ვერ გახდება გახსნილი და ეფექტიანი ორგანიზმი, და თუ ეს არ გაკეთდა, ის იმიჯი, რომელსაც სააკაშვილი ქმნის, შეიძლება გაშვებული ისტორიული შანსის სტატუსით დამკვიდრდეს ჩვენს ისტორიაში. ამიტომ, და განაკუთრებით იმ რეალიების გათვალისიწინებით, რაც ქვეყანაში გვაქვს, პარტიის ძირფესვიანი ინსტიტუციური რეფორმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
 
ასეა თუ ისე, საღი აზრის პატივისმცემელი მკითხველისთვის, მგონი, სრულიად გასაგები უნდა იყოს, რომ სააკაშვილი ყველაზე რეალიზებულიც და, ამავდროულად, ყველაზე დიდი პოტენციალის ლიდერია. მისი ჩამოშორების სურვილი შეუძლებელია, გამოწვეული იყოს პარტიის და ქვეყნის ინტერესებით. სრულიად გასაგებია, რომ ზოგიერთი მისი მოწოდება შეიძლება არ გაიზიაროს პარტიამ, ან შეიძლება პარტიამ გარკვეული კორექტივები შეიტანოს მის პოზიციებში, ან მოხდეს პირიქით და მან შეიტანოს კორექტივები სხვის პოზიციებში, ეს ყველაფერი ლეგიტიმური და ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ სააკაშვილის ჩამოცილება ენმ-ს სიკვდილს რომ ნიშნავს, მგონი, ამაზე დავა საერთოდ უადგილოა.
 
როგორც ვთქვი, სამუშაო და გასაკეთებელი ძალიან ბევრია. სამუშაო ყველას აქვს – მიშასაც, აქ მყოფ ლიდერებსაც, აქტივისტებსაც და მხარდამჭერებსაც. თუმცა ამ სამუშაოს მიმართულება ჩემთვის სრულიად ნათელია და ფაქტია, რომ სააკაშვილი დღეს უკვე საუბრობს აქ ჩამოთვლილ საკითხთა უმრავლესობაზე. პარტია უნდა გაიხსნას – ეს არის ცალსახა. მანიპულატორები უნდა ჩაჩოჩდნენ ორბიტიდან – ესეც არის ცალსახა. ამას აუცილებლად უნდა დაემატოს ახალი ლიდერების მნიშვნელობის წინ წამოწევა არამარტო რეგიონულ და რაიონულ, არამედ – ყველა შესაძლო დონეზე, სადაც ამის ადამიანური რესურსი გამოჩნდება.
 
ამის ყველა შესაძლებლობა არსებობს, საზოგადოებრივი ნიადაგი დღეს არნახულად ნოყიერია თვისობრივად ახალი სახის პოლიტიკური აქტივობისთვის, თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ არათუ რომელიღაც პატარა ელიტუკაზე, არამედ – ელიტიზმზე რადიკალური უარი და პარტიის მაქსიმალურად ჰორიზონტალურ რელსებზე გადაყვანა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააკეთოს. აქცენტი უნდა გაკეთდეს შიდაპარტიულ პროცედურებზე, თითოეულ წევრს უნდა ესმოდეს, თუ როგორ შეიძლება პარტიულ კიბეზე მოძრაობა, თუ ვინმეს ამისი სურვილი და ენერგია აქვს. ამ მხრივ კი ძალიან, ძალიან ბევრია სამუშაო.
 
ნაციონალური მოძრაობა იმდენად უნდა გაიხსნას, რომ პარტიის რეფორმა მთელი საზოგადოებისათვის საეტაპო მნიშვნელობის მოვლენად იქცეს. არ არის ეს შეუძლებელი, მთავარია, ამ პოტენციალის იმას სჯეროდეს, ვინც ამ მიზანს საჯაროდ დაისახავს.
 
რაც შეეხება პარტიის ბიუროკრატიითა თუ საზოგადოებრივი აზრის მანიპულატორებს, ეს მათი არჩევანია და მათი მომავალი საზოგადოებრივი სტატუსიც სწორედ მათი დღევანდელი ქცევით დიდხანს იქნება განპირობებული. მთავარი ისაა, რომ მათ კარგად ესმოდეთ: ამ ქვეყანაში მათ გარდა კიდევ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ, რომ საკადრისი პასუხი მიაგონ ყველა საჭირო შემთხვევაში. მე მჯერა, ისინი მალე აღმოაჩენენ, რომ ის ხალხი, ვისაც ისინი დღემდე საერთოდ ვერ ამჩნევენ, ძალიან მრავალრიცხოვანია. ამიტომ, აუცილებლად მოუწევთ ამ ფაქტორის გათვალისწინება, ან საერთოდ წასვლა პოლიტიკიდან. პირადად მე ყველას ვუსურვებ უაზრო ამბიციების დაცხრობას, გონზე მოსვლას და ერთიანობას.
 
ვემსახუროთ საქართველოს." – წერს ანდრო ბარნოვი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად