ორნელა მუტის ვლადიმერ პუტინთან ვახშმის გამო, საბუთების გაყალბებისთვის პატიმრობა ემუქრება

იტალიელ მსახიობ ორნელა მუტის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქველმოქმედო გალა კონცერტზე დასწრების მიზნით, საბუთების გაყალბებისთვის კომპენსაცის გადახდა დაეკისრა. თუ ის ჯარიმას არ გადაიხდის, პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

2010 წლის დეკემბერში, ორნელა მუტი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის ქალაქ პორდენონში ვერდის თეატრის სცენაზე უნდა გამოსულიყო. თუმცა, აღნიშნულის ნაცვლად, მან სამდღიანი შვებულება აიღო და მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა.
როგორც BBC იუწყება, ის სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქველმოქმედო სადილს დასწრებოდა.
იტალიის სასამართლომ მსახიობი თაღლითობაში დამნაშავედ სცნო და პირობით ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, მას ჯარიმის სახით 500 ევროს გადახდა დაეკისრა, ასევე თეატრს 30 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

მსახიობის განცხადებით, მას თეატრისთვის ზიანი არ მიუყენებია. ორნელა მუტიმ აპელაციაზე განაცხადი შეიტანა.
ხუთშაბათს, საკასაციო უზენაესმა სასამართლომ წინა განაჩენი დაადასტურა.
თაღლითობის საქმის საფუძველი იყო ის სამედიცინო ცნობა, რომელიც მსახიობმა თეატრს მიაწოდა. ცნობაში ეწერა, რომ მას ტრაქეა, მაღალი ცხელება და ხველა აღენიშნებოდა.
სასამართლომ საბუთი ცრუ ცნობად აღიარა, რადგან მსახიობი სანკტ-პეტერბურგში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტმა მიიწვია.


როდესაც მისი ფოტოები ვლადიმერ პუტინთან ერთად იმავე მაგიდაზე გამოჩნდა, თეატრმა მოქმედება გადაწყვიტა.

სასამართლომ მსახიობი გააფრთხილა, რომ თუ დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, ციხე ემუქრება.

ორნელა მუტი 64 წლისაა. იტალიაში ის კვლავ ჩნდება ეკრანებსა და თეატრის სცენაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...