ორი სხვადასხვა პროკურატურის ერთი მოწმე – ახალი გარემოება ვაზაგაშვილის საქმეში

ე.წ. კორტების საქმის ერთ-ერთი მთავარი, "გაუჩინარებული მოწმე" – ედუარდ სინდოიანია. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილმა სწორედ ედუარდ სინდოიანის სახელი ახსენა. როგორც ირკვევა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სინდოიანი სულ ორჯერ დაკითხა, პირველად 2012 წლის 20 დეკემბერს, მეორედ 2015 წლის 13 იანვარს. 

საქმის ქრონოლოგიის მიხედვით, 13 იანვარს უკრაინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარებული დაკითხვიდან რამდენიმე დღეში, იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს ეუბნება, რომ საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, "რომელიც უკრაინაში იმყოფება". ამავე დროს "გამომძიებელ რეპორტიორს" ეუბნება, რომ ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემისთვის სინდოიანმა მას ტელეფონით ბოდიში მოუხადა. 21 იანვარს იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის სასაფლაოზე ააფეთქეს. 

"როდესაც გაისმა ტელეფონის ზარი, ბატონო იური გამარჯობათო,  ედუარდ სინდოიანი ვარო, გაოგნებული დავრჩი. ერთ წუთით, თუ შეიძლება მომისმინეთ, ახლა მუხლისჩოქა ვდგევარ, სანთელი მიჭირავს ხელში და პატიებას გთხოვო… ამას პირველად ვამბობ თქვენთან…", – ამბობდა იური ვაზაგაშვილი. 

2006 წელს, ზურაბ ადეიშვილის პროკურატურას ე. წ კორტების საქმეში ორი მთავარი მომწე ჰყავდა – ბუბა ფუთურიძე, რომელიც სპეცოპერაციის დროს ცოცხალი გადარჩა და ედუარდ სინდოიანი, რომელიც სამართალდამცავებმა მაშინ მოგვიანებით დააკავეს.  შს სამინისტროს მაშინდელი ვერსიით: "სინდოიანმა 2 მაისს ჩოგბურთის კორტებთან ლიკვიდირებულ ალექსანდრე ხუბულოვთან, ზურაბ ვაზაგაშვილთან და დაკავებულ ბუბა ფუთურიძესთან ერთად ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმა , რომელიც ვერ განახორციელა."

 2006 წლის 2 მაისს ჩოგბურთის კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ბუბა ფუთურიძის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 2006 წლის 27 დეკემბერს დაიწყო. ფუთურიძის საქმესთან ერთად, მოსამართლე მაია თეთრაული კიდევ ერთი განსასჯელის, ედუარდ სინდოიანის საქმეს იხილავდა.  გამართულ სასამართლო პროცესზე, ყველასთვის მოულოდნელად, ფუთურიძემ და სინდოიანმა დანაშაული აღიარეს. ანუ, მათი განმარტებით, მართლაც მოამზადეს ყაჩაღური თავდასხმა.

ყაჩაღური თავდასხმის დაგეგმაში ბრალდებულ ედუარდ სინდოიანს, მოსამართლე მაია თეთრაულმა  მხოლოდ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სინდოიანის შესახებ, 2006 წლის შემდეგ ინფორმაცია არც მედიაში მოიპოვებოდა და არც ადვოკატებმა იცოდნენ მის შესახებ რამე. მას ერთწლიანი სასჯელი 2007 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა მოეხადა.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სინდოიანი რამდენჯერმე ახსენა კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი და ამავე ოპერაციის დამგეგმავი ირაკლი ფირცხალავა გახლდათ. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში სწორედ მან განაცხადა, რომ სინდოაიანი უკრაინაში საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

 რატომ დააკავეს 2006 წელს სინდოიანი, რატომ მისცა მან მაშინ პროკურატურას აღიარებითი ჩვენება და რას აცხადებს 9 წლის შემდეგ? "აიპრესი" საქმის პროკურორს ამირან გულუაშვილს ესაუბრა.

რას საუბრობს ედუარდ სინდოიანი 2015 წელს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში?

ვერ გეტყვით,  კონკრეტულად რა ფაქტთან დაკავშირებით იმყოფება ედუარდ სინდოიანი უკრაინაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ მიღებული გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ იმყოფება და იქ მოხდა მისი დაკითხვა.

სინდოიანი არის  დაზარალებულად ცნობილი ერთ-ერთი პირი, რომელიც იმ პერიოდში დაკავებულ იქნა ბონდო ფუთურიძესთან ერთად კორტების სპეცოპერაციის მოვლენებთან დაკავშირებით. რომელიც დაექვემდაბარა გარკვეულ დანაშაულებრივ ქმედებებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან.

გარდა ედუარდ სინდოიანის ჩვენებისა, მის მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებებთან დაკავშირებით,  არსებობს სხვა მოწმეთა ჩვენებები, სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ არანაირი შემხებლობა ედუარდ სინდოიანს რაიმე დანაშაულის ჩადენასთან, ან რაიმე დანაშაულებრივ ჯგუფთან არ ჰქონია და მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოახდინეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა.

სინდოიანი თავის ჩვენებაში ადასტურებს მუქარებს და იძულებას, რაც  მის მიმართ ხორციელდებოდა… მას ემუქრებოდნენ ოჯახის განადგურებით, ოჯახის წევრებზე ფიზიკური და ფსიქიკური ანგარიშსწორებით, თუ ის არ ითანამშრომლებდა. აიძულებდნენ, მიეცა ჩვენებები, რაც იმ პერიოდში სასურველი იყო სპეცოპერაციის ჩამტარებელი პირებისათვის.

მოტივად რას ასახელებს, რაში სჭირდებოდათ ასეთი ანგარიშსწორება?

სინდოიანი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ხუბულოვი და ის ნაცნობები იყვნენ, ახლო მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონიათ. იმ პირებისგან მხოლოდ ხუბულოვს იცნობდა, მაგრამ იმ საქმეში, 2006 წელს ასახულია, თითქოს ეს იყო ერთიანი დანაშაულებრივი ჯგუფი. ამის კონტრარგუმენტები არა მხოლოდ სინდოიანის ჩვენებაშია წარმოდგენილი, არამედ ასახულია სხვა მტკიცებულებებში. სინდოიანს, ისევე როგორც ბონდო ფუთურიძეს, არანაირი შემხებლობა არ ჰქონია…

თქვენ ამბობთ, რომ სინდოიანი 2006 წელს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დააკავეს?

როგორც ფუთურიძე, ასევე სინდოიანიც დააკავეს ყოველგვარი საფუძვლების გარეშე. მაშინ როდესაც ფუთურიძეს აკავებდნენ, არანაირი საქმე არ არსებობდა და არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ მოპოვებული. სწორედ ბონდო ფუთურიძის უკანონო დაკავებისთვის აქვს ბრალი წაყენებული  გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც ახლა ძებნილია. არანაირი დოკუმენტი, მტკიცებულება არ ჰქონდათ, ისე ადგნენ და დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე. ერთი ჩვენებაც არ არსებობდა მაშინ.

რამდენად სარწმუნო იქნება სასამართლოსთვის სინდოიანის ჩვენება, რომელიც პატიმრობაშია. არსებული ცნობით, ის საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

მოწმეთა შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი, რასაც სასამართლო ჩემი აზრით უნდა დაეყრდნოს, შეაჯამოს და შეაფასოს კონრეტული მოწმის ჩვენებებია სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სავსებით საკმარისია იმისთვის, რათა ერთის მხრივ დადასტურდეს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა, მეორეს მხრივ ყველა ეს მტკიცებულება ერთობლიობაში რეალურ სურათს აღადგენს… მათ შორის სინდოიანის ჩვენების სანდოობის შემოწმებას… იმ პერიოდში იყო მუქარა, გაასამართლეს, პროცესზე გამოქვეყნდება მისი ჩვენება აუცილებლად, არსებითი განხილვისას! რა ფორმით ემუქრებოდნენ ჯერ გამოძიების დროს და შემდეგ სასამართლოში საქმის განხილვის დროს. 

შესაძლოა თუ არა რომელიმე ბრალდებულთან მომავალში საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს?

კანონმდებლობა არ კრძალავს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასარც ერთ საქმეზე და არც ერთ პირთან, კონკრეტული გამონაკლისების გარდა. არც ერთ ბრალდებულთან არც სპეცრაზმელების საქმეში და არც ირაკლი ფირცხალავას და სხვათა ბრალდების საქმეში საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

ცნობისათვის, ე.წ. კორტების საქმეზე, სადაც სულ 12 ბრალდებულია, წინასასამართლო პროცესები გრძელდება. საქმე გაყოფილია ორ ნაწილად, 7 სპეცრაზმელის საქმე ცალკე განიხილება, ხოლო დანარჩენი მაღალჩინოსნების საქმე ცალკე. 5 ივნისს 11.30 საათზე გაიმართება ირაკლი ფირცხალავას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის განხილვა, 7 სპეცრაზმელის წინასასამართლო პროცესი კი 11 ივნისს, 11.00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ კორტების საქმეზე ბრალი წაუყენა 12 პირს: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ცააძეს, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ ლევან ბეროძეს, შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილ უფროსს კახაბერ ნაკანს და მისი ყოფილი მოადგილეს გიორგი გულბიანს, სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრებს: იასონ მილაძეს, ალექსანდრე ციმაკურიძეს, ზურაბ ჯოხაძეს, დავით ალელიშვილს, სოსო ჩაკვეტაიას და ალექსანდრე სანიკიძეს, ხოლო შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც არ არის დაკავებული (ქვეყნიდან არის გასული) დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად