ორი გემი, სიკვდილს გადარჩენილი 406 მიგრანტით, პორტში შესვლის ნებართვას ელოდება

უკვე ათი დღეა, რაც გემი Open Arms, მიგრანტებით ბორტზე, სიცილიასთან ახლოს მდებარე კუნძულთან, საერთაშორისო წყლებში დგას და ლამპედუზას პორტში შესვლის ნებართვას ელოდება.

Open Arms-ზე 11 აგვისტოს დილისთვის 160 მიგრანტი, მათ შორის ბავშვები და ფეხმძიმე ქალები, მათ შორის ერთი მე-9 თვეში, იყო. კატასტროფისთვის უკვე საბოლოოდ განწირული 55 მიგრანტი გემმა ბორტზე 1 აგვისტოს აიყვანა. ხუთშაბათიდან პარასკევის ღამეს – 2 აგვისტოს, კიდევ 68 მიგრანტი გადაარჩინეს, რომელთაგანაც ორი ქალის ევაკუირება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გახდა შესაძლებელი და 2 აგვისტოდან Open Arms 121 მიგრანტით, პორტში შესვლის ნებართვას ელოდებოდა.

8 აგვისტოს ევროპარლამენტის ახალმა პრეზიდენტმა იტალიელმა დავიდ სასოლიმ ევროპული კომისიის პრეზიდენტს მიგრანტთა სამართლიან გადანაწილებაში სასწრაფო დახმარების თხოვნით მიმართა.

9 აგვისტოს ამერიკელმა მსახიობმა რიჩარდ გირმა გემს საკვები მიაწოდა.

109 ათასმა კაცმა პეტიციას მოაწერა ხელი და ესპანეთის ხელისუფლებას სთხოვა მიიღონ გემი მიგრანტებით.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ რიჩარდ გირის მიერ წუხილის გამოთქმის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას შეუძლია თავად წაიყვანოს მიგრანტები და თავის ვილაზე აცხოვროს, გემის მეპატრონეებს კი ირონიულად ურჩია მალტის და იტალიის პორტებს შორის ცურვის ნაცვლად იბიცაზე გასართობად გადაეყვანა მიგრანტები. მან აგრეთვე განაცხადა, რომ პორტში თვითნებურად შესვლის შემთხვევაში გემს დააპატიმრებდა.

«Open Arms-ზე ემოციური სტაბილურობა სულ უფრო მძიმე ხდება. მიუხედავად მოსალოდნელი ადმინისტრაციული და სასამართლო წინაღობებისა, ჩვენ იძულებულები გავხდებით ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე შევიდეთ პორტში”, -განაცხადა RAC1-თან ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაციის Open Arms დამფუძნებელმა ოსკარ კემპსმა.

10 აგვისტოს, დილით, გემმა კიდევ 39 მიგრანტი აიყვანა ბორტზე, თუმცა ამით პორტში შესავლაზე ნებართვის გაცემის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. იტალიის ხელისუფლება კვლავინდებურად უარს ამბობს გემისთვის პორტში შესვლაზე ნებართვის გაცემაზე, მალტის ხელისუფლება მხოლოდ ბოლოს გადარჩენილი 39 მიგრანტის მიღებაზე აცხადებს მზადყოფნას, ესპანეთის ხელისუფლება ამბობს, რომ არ შეიძლება მხოლოდ ესპანეთი იყოს ყოველთვის მხსნელის როლში და მიგრანტთა სამართლიან გადანაწილების შესახებ ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ევროპის სხვა ქვეყნები კი დუმილს ინარჩუნებენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციებმა “ექიმები საზღვრებს გარეშე” (MSF) და “SOS ხმელთაშუა ზღვა” ლიბიის სანაპიროსთან კიდევ 81 მიგრანტი, “რომლებიც იმყოფებოდნენ ცურვისთვის გამოუსადეგარ რეზინის ნავში”, გადაარჩინეს და ამჟამად მიგრანტების სამაშველო გემ Ocean Vicing-ზე, რომელსაც სულ 300 კაცი შეუძლია დაიტიოს, პარასკევს აყვანილ 85 მიგრანტთან, შაბათს აყვანილ 80 მიგრანტთან და ეკიპაჟის 31 წევრთან ერთად, 277 კაცი იმყოფება.

“უჭველია, რომ MSF არასდროს არ დააბრუნებს ამ ადამიანებს უკან, ლიბიაში” – აცხადებენ ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და იმედოვნებენ, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები შექმნიან ევროპულ მექანიზმს გადარჩენილთა ევროკავშირის ქვეყნებში უსაფრთხოდ გადაადგილების ევროპულ მექანიზმს.

ალბათ, მართლაც შექმნიან ევროპის ქვეყნების ისეთ მექანიზმს, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს ზღვაში მიგრანტთა დაღუპვას. მანამდე კი ორი გემი. Open Arms 160 მიგრანტით და Ocean Vicing 246 მიგრანტით იტალიის და მალტის სანაპიროებთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო წყლებში, ელოდება პორტში შესვლის ნებართვას.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად