ორგანიზაცია „Impact for Development“ NDI, OECD და Digital Arabia Network – თან პარტნიორობით, თემაზე „ღია და ჭკვიანი რეგიონებისკენ“ ვებინარი გაიმართა

შეხვედრაში მონაწილეობა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღეს. ვებინარი შეეხებოდა გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის თემებს ღიაობის პრინციპების კონტექსტში.

„ გურიის რეგიონი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულობისა და ინოვაციურობის თვალსაზრისით გამორჩეული თავისებურებით ხასიათდება. ამ მხრივ გასათვალისწინებელ მაგალითს ქმნის ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა და შეუერთდა ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP-Local) პროგრამას. დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, შევძლებთ პოზიტიური ცვლილებები გამოვიწვიოთ საზოგადოებაში“ – განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

„ ვებინარის თემა საინტერესო და თემატური იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლო ღია მმართველობის ინიციატივებთან. ის, რომ შევუერთდით ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP-Local) პროგრამას, მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ანგარიშვალდებულების თვალსაზრისითაც. პარტნიორ არსამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ კუთხით“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.

ოზურგეთში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამის პროცესზე, წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და მონაწილეებს კონკრეტული განხორციელებული პროექტები გააცნო, ოზურგეთის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიის როგორც შინაარსზე, ისე მის შემუშავების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობაზე. ცალკე აღინიშნა სტრატეგიის მონიტორინგის ინსტრუმენტიც. მონაწილეები დაინტერესდნენ ოზურგეთში ღია მმართველობის ადგილობრივი პროცესის წარმართვით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

ვებინარმა მონაწილეებს ადგილობრივ მთავრობებთან სხვადასხვა გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად