“ორ კვადრატულ პატარა “სარაიაში” ვმუშაობ” – თვითნასწავლი ფოთელი ხელოსანი, რომელიც 13 წლიდან ფანდურებს ამზადებს (ვიდეო)

ფოთელი 20 წლის მამუკა მატკავა, 13 წლიდან საკრავ ინსტრუმენტებს ამზადებს. ის თვითნასწავლი ხელოსანია. როგორც “აიპრესთან“ ჰყვება, ინსტრუმენტების დამზადება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მუსიკის მასწავლებლის მიერ ნაჩუქარი ფანდური გაუტყდა და მისი შეკეთება ვერ შეძლო.

მან იტერნეტით მოძიებული ვიდეოების დახმარებით, ახალი ფანდური გააკეთა. მამუკა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტია. მომავალში მუსიკოსობას გეგმავს და ოცნებობს შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვილ დიდ სახელოსნოზე, სადაც უფრო მასშტაბურად შესძლებს თავისი საყვარელი საქმის რეალიზებას.

კარგია ❤️🤟

Posted by მატკავა მამუკა on შაბათი, 30 მაისი, 2020

 

13 წლის ვიყვი პირველი ფანდური რომ გავაკეთე, არავის არ უსწავლებია, ინტერნეტიდან ვისწავლე. რამდენიმე ფანდურის დამზადების შემდეგ, ერთფეროვანი რომ არ ყოფილიყო მუშაობის პროცესი, გადავწყვიტე პატარა გიტარა გამეკეთებინა. პირველ ჯერზე საკმაოდ კარგი გამომივიდა. შემდეგ, გიტარაზე არ შევჩერდი და ვიოლინოს გაკეთება გადავწყვიტე. რადგან თარგის მიხედვით არ მაქვს გაკეთებული, არ ვიცი რამდენად ზუსტია მუსიკალურად ჩემი ვიოლინო. ხოლო ფანდურზე შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკალურადაც და ვიზუალურადაც დახვეწილია.  ვისაც სმენა არა აქვს და არც დაკვრა არ იცის, კარგ ინსტრუმენტს ვერ გააკეთებს,რაც არ უნდა კარგი ხელოსანი იყოს.

გაქვს თუ რა რაიმე მუსიკალური განათლება მიღებული?

ფოთის არჩილ ხორავას სახელობის ხელოვნების სასწავლებელში, საგუნდო სადირიჟოროზე 10 წელი ვსწავლობდი. ფანდურით ბავშვობიდან ძალიან დავინტერესდი და რადგან არ მქონდა, მასწავლებელმა მაჩუქა, ასე ვისწავლე დაკვრა. ხოლო ფანდურის გაკეთება დამაწყებინა ერთმა შემთხვევამ: მასწავლებლის ნაჩუქარი ფანდური შემთხვევით გავტეხე. შემდეგ ვცადე მისი შეკეთება მაგრამ, არ გამომივიდა. ვიფიქრე, მოდი ახალს დავამზადებთქო და დავიწყე გაკეთება. დაახლოებით ორი თვე მოვანდომე, სახლში გავაოცე ყველა. ფანდური კარგი არ გამოვიდა, ვერ გამოდგებოდა დასაკრავად. შემდეგ უფრო დავინტერესდი, ინტერნეტში მოვიძიე ვიდეოები და უფრო სერიოზულად მოვკიდე ამ საქმეს ხელი.

 

ერთი ინსტრუმენტის დამზადებას რამდენი ხანი უნდები? 

გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ, თუ მოვინდომე, ორ კვირაში ვასრულებ.

მოგვიყევი სად და როგორ ამზადებ საკრავ ინსტრუმენტებს?

ნორმალური სახელოსნო არ მაქვს, ორ კვადრატულ პატარა “სარაიში” ვმუშაობ, საკრავ ინსტრუმენტებს ხელნაკეთი ხის იარაღებით ვამზადებ. რომ მქონდეს უკეთესი პირობები უფრო მეტს შევძლებ.

ვისგან გამოგყვა მუსიკალური ნიჭი, სახლში ხომ არ უკრავს ვინმე?

მუსიკალური ოჯახი მყავს. დედა, ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლში ცეკვავდა, მამაჩემი სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ჯგუფებში უკრავდა, ორივე ბებია უკრავს, მღერის და ალბათ მათგან გამომყვა მუსიკის სიყვარული.

მომავალში რა გეგმები გაქვს?

მომავალში, მუსიკოსობას ვაპირებ მაგრამ, პარალელურად დიდი სახელოსნოს გაკეთება მინდა, რომ ამ ყველაფრის ფართო მასშტაბით დამზადება და რეალიზაცია შევძლო.

ინტერვიუ მოამზადა ანა ჯახაიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად