“ორ კახპას შორის კამათის” ხსენებამ პარლამენტში დეპუტატების ჩხუბი გამოიწვია

პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური და კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კამათი „ორ კახპას შორის კამათს“ შეადარა.

“ცნობილი ფანტომის ეფექტი არსებობს, რომელიც მედიცინაში ცნობილია, ადამიანი კიდევ დიდხანს გრძნობს მოკვეთილ კიდურს და აწუხებს. სამწუხაროდ, მოკვეთილი კიდურის ფანტომის დონეზეც კი არ შეგრჩათ ნამუსი იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ეს კიდური არასდროს არ გქონიათ. სხვა ვერანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს, როდესაც ვუსმენ ბატონ ძიძიგურს და ბატონ მათიკაშვილს. კარლოს, რომელიც ბოლოს გამოვიდა.

როდესაც ლაპარაკს იწყებ ბატონო ძიძიგურო ზუგდიდში დაძაბულობაზე, ამ დაძაბულობის ინიციატორები თქვენ ხომ არ იყავით შემთხვევით?! როდესაც ლაპარაკობთ, რომ მშვიდობიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, იქნებ თქვენი როლი პირადად თქვენიც და მთლიანად პარტიის როლი იყო არჩევნებში სიტუაციის დაძაბვაში, იქნებ კარგად დაინახოთ . როდესაც ბატონი მათიკაშვილი გველაპარაკება შალვა შავგულიძეზე, ბატონი კარლო კოპალიანი აგრძელებს, რომ ეს რა ქნა შავგულიძემ.. ბოდიში ტერმინისთვის ორი „კახპა“, „ბოზი“ ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა, აქედან ჩვენ გლანძღავთ იქიდან თქვენ გვლანძღავთ, რომელი უფრო საშინელია, ამ დროს საქართველო იჭყლიტება, რომ იცოდეთ ხალხნო”,-განაცხადა აკაკი ბობიხიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა აკაკი ბობოხიძეს მიმართა: „მე თქვენზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“. აკაკი ბობოხიძემ კი განაცხადა, რომ არაფერი არაეთიკური არ უთქვამს. აკაკი ბობოხიძემ „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყნის ბოროტი და ბნელი ძალა უწოდა.

კარლო კოპალიანისა და აკაკი ბობოხიძის შელაპარაკებაში ჩაერთო „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერიაც, რის შემდეგაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს კორექტულობისკენ მოუწოდა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...