მალე თბილისში ლურჯი ფერის FORD-ის მარკის მიკროავტობუსები ივლიან

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია “ჯი თი მოტორსმა” გაიმარჯვა. რომელიც დედაქალაქში ლურჯი ფერის FORD -ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე ევრო-5 ემისიის, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსს შემოიყვანს, რომელი 17 მგზავრზეა გათვლილი. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 30 497 064 ლარს.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მიკროავტობუსების შემოყვანის ვადებია  ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღე, თუმცა პირველი ნაკადი – 100 ერთეული მიკროავტობუსი მალევე, 10 ოქტომბრამდე ჩამოვა.

“ჩვენ სატრანსპორტო პოლიტიკას აქვს რამდენიმე შემადგენელი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საზოგადოებრივი ტრასპორტის განახლება, მოწესრიგება და ის რომ არსებული ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნას ჩანაცვლებული. ასევე, დავიწყეთ მუშაობა მიკროავტობუსების განახლებაზე.

300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვის მიზნით, 15 ივლისს გამოცხადებული იყო ტენდერი, რომ ეტაპობრივად დაგვეწყო არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება. რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია და სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრებისთვის და გვინდა მთლიანად განვაახლოთ, როგორც საზოგადოებრივი ავტობუსების ნაწილში.

ამ მიმართულებით ტენდერი დასრულებულია. 18 სექტემბერს მოხდა ხელშეკრულების გაფორმება და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და თბილისს მალე ეყოლება ლურჯი ფერის,  300 ერთეული FORD -ის მარკის მიკროავტობუსი, რომელიც ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად