ოქრუაშვილი ჟურნალისტებს: ქიბარ ხალვაშისთვის ნასესხები თანხა ბებიათქვენმა დამიტოვა მემკვიდრეობით (ვიდეო)

“პაატა სალია როდესაც გახდება პროკურორი, ან საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშინ ილაპარაკოს ამაზე. თავის კლიენტს უთხრას, მივიდეს სამხარაულის ბიუროში და დატოვოს ხელმოწერის ნიმუშები, რომ ექსპერტიზამ გააკეთოს დასკვნა.”

ამის შესახებ საფრანგეთიდან დაბრუნებულმა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

შეკითხვაზე, საიდან ჰქონდა მის მიერ ნახსენები, ქიბარ ხალვაშისთვის ნასესხები თანხა, რომლის დაბრუნებასაც დღემდე ითხოვს, ირაკლი ოქრუაშვილმა უპასუხა: ბებიათქვენმა დამიტოვა მემკვიდრეობით.”

ჟურნალისტების კითხვაზე, რომლის თანახმადაც, პაატა სალია დაინტერესდა, როგორ იშოვა მინისტრობის დროს ოქრუაშვილმა მილიონები, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა: „პაატა სალია როდესაც გახდება პროკურორი, ან საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშინ ილაპარაკოს ამაზე. თავის კლიენტს უთხრას, მივიდეს სამხარაულის ბიუროში და დატოვოს ხელმოწერის ნიმუშები, რომ ექსპერტიზამ გააკეთოს დასკვნა“.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის 100%-იანი წილი სინამდვილეში მან შეიძინა და ქიბარ ხალვაშზე, როგორც მის წარმომადგენელზე გააფორმა, ამის დასადასტურებლად კი, ხელშეკრულება მოჰყავს, რომელიც მასსა და ხალვაშს შორის გაფორმდა.

„დოკუმენტის მიხედვით, მესამე წელია, საქალაქო სასამართლოში ვდაობ ფინანსურ ნაწილზე, მას ჩემი ვალი აქვს და არ აბრუნებს. ამ დოკუმენტის ეჭვის საკითხი უკვე დადგა სასამართლოში სამი წლის განმავლობაში დავის შედეგად. რვა თვეა, ხალვაში არ ცხადდება ექსპერტიზაზე ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად და არ ცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელმოწერა ეკუთვნის მას და ის ამას ვერ გაექცევა, რაც უნდა მოიგონოს. სამხარაულის ექსპერტიზაში გიმეორებთ სასამართლომ გააგზავნა რვა თვის წინ დოკუმენტი ხალვაშის გამოუცხადებლობის გამო ექსპერტიზა ვერ შედგა, ჩემგან რას ელოდებით. სამი ექსპერტიზის დასკვნა მაქვს მიტანილი დამატებით. მათ მოითხოვეს, ექსპერტიზაზე მივიტანე ორიგინალი, გააგზავნეს ორიგინალი სამხარაულის ბიუროში, არ მიდის ხალვაში რვა თვეა, დანარჩენი რა გინდათ“, – აცხადებს ოქრუაშვილი.

მისი თქმით, ამ დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ორი საკითხი – ერთი არის ფინანსური დავა, მეორე კი „რუსთავი 2“.

„მას აქვს ჩემი ვალი და უნდა დააბრუნოს და მეორე საკითხია „რუსთავი 2“. ფინანსურ დავაზე მე ხანდაზმულობის ვადა დამდგარი მქონდა, იძულებული ვიყავი, შემეტანა მაშინ – 2016 წელს. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ამის უფლება არ მქონდა, სანამ ის არ გახდებოდა კანონიერი მესაკუთრე. კანონიერი მესაკუთრე ის გახდა გუშინწინ, ამის შედეგად დავიწყე მე დავა“, – განუცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებული წილის დაყადაღების მოთხოვნაზე სარჩელი შეიტანა. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ნახსენებ დოკუმენტს დოკუმენტს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ყალბს უწოდებს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...