ოქრუაშვილი: არასამართლიანად დაათმობინეს, მაგრამ არა მას, არამედ მე, ძაღლის თავი ამაშია დამარხული

ამის შესახებ მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა ირაკლი ოქრუაშვილმა “შაბათის კურიერთან” განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის გაუგებარია დვალისა და აქიმიძის ბრალდებები, რომ თითქოს მათ „რუსთავი 2“ ზეწოლითა და ტერორით დაათმობინეს.

„რაში გამოიხატება, შევავიწროვეთ, შევაწუხეთ, ვინმე დავიჭირეთ თუ რა გავაკეთეთ. “რუსთავი 2” ფინანსურად იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომ არა კიწმარიშვილის გადაწყვეტილება, გაეყიდა „რუსთავი 2“ „ნიუს კორპზე“, კიდევ შეიძლებოდა ვიღაც ძალიან ჩამძიებელ ადამიანს ეფიქრა, რომ ეს შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ისინი ჩვენამდე ყიდიდნენ კომპანიას, შესაბამისად, ჩვენ როგორც მყიდველებმა მივუსწარით და შევთავაზეთ კარგი პირობები,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა ინტერესი იყო მაშინდელი ხელისუფლების “რუსთავი 2″-ის მიმართ, ოქრუაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისით სამაუწყებლო კომპანია მუდმივად ფლაგმანი იყო.

„რუსთავი 2” იყო მაშინაც, “რუსთავი 2” არის დღესაც და “რუსთავი 2” იქნება ხვალაც, ფლაგმანი ამ ქვეყანაში, როგორც პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისით, ისე თავისუფლების, თავისუფალი სიტყვის თვალსაზრისით, აზრის გამოხატვით და სხვა კუთხით,“ – ამბობს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილი ასევე ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსულ მაშინდელ გუნდს უნდოდა, ჰქონოდა მედია, რომელის „იმედს“ დააბალანსებდა. ოქრუაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ მას მოუწია, რომ სამაუწყებლო კომპანია დაეთმო გუნდისთვის.

„ახალი ხელისუფლების ინტერესი იყო, რომ ჰქონოდა მედია, რომელიც დააბალანსებდა პატარკაციშვილის „იმედს“, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები, გარკვეული სახის ინტერესები ჩნდებოდა, გაჩნდებოდა უფრო სწორად, თუ ამ კომპანიის პირდაპირი მყიდველი ვიქნებოდი მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. მე მქონდა ძალიან მარტივი არჩევანი, რომ მომეძებნა ადამიანი, რომელიც იქნებოდა გარკვეული ბიზნეს ბექგრაუნდის მატარებელი, ასე, რომ ხალვაში იყო ყოველთვის ნომინალური პირი, ყოველთვის ფიქტიური პიროვნება იმ ტიპის გარიგებებში, რაც დაახლოებით, “რუსთავი 2”-ს შეიძლება შეეხებოდეს. არასდროს მე არ მომისმენია ერთი რამ, როდის, რა ეტაპზე და რა სახის მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხალვაში დვალთან, აქიმიძესთან თუ კიწმარიშვილთან წილების შეძენაზე, იმიტომ, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, რეალური პიროვნება ვიყავი მე და ვინმეს უნდა ამის აღიარება, თვალის დახუჭვა თუ არა, ფაქტი ასეა, ის ამას არასდროს არ უარყოფდა, რომ “რუსთავი 2” იყო „ჩემი საკუთრება“. 2006 წლამდე, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში და მანამდეც, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა მე სააკაშვილთან და ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ რეალური მესაკუთრე “რუსთავი 2”-სა მე ვიყავი, “რუსთავი 2” ითვლებოდა გუნდის ინტერესების გამომხატველად, მოდით ასე დავარქვათ.

როდესაც მივდივარ ეკონომიკის მინისტრობიდან, ცოტა უცნაური პროცესები განვითარდა მაშინ, კიევში ვიყავი ოფიციალური ვიზიტით და იქიდან გამოვგზავნე გადადგომის განცხადება, ამ დროს იწყებს სააკაშვილი ხალვაშის დაბარებას და თქმას, რომ “რუსთავი 2” უნდა გადმოგვიფორმო და ხალვაში ეგრევე მირეკავს მე, ეს შენია და შენ უნდა გადაწყვიტო. ჩემი გადაწყვეტილება იყო ძალიან მარტივი – მიეცი, იმიტომ, რომ მე მათთან ურთიერთობა დავამთავრე, ხალვაში ჩემ გარეშე ამ საკითხსაც ვერ გადაწყვეტდა ვერასდროს, მე რომ წინააღმდეგი წავსულიყავი… არასამართლიანად დაათმობინეს, მაგრამ არა მას, არამედ მე, ძაღლის თავი ამაშია დამარხული,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...