“ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ 2%-იან ეკონომიკურ ზრდას მივაღწევთ”

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პარამეტრის გადახედვის აუცილებლობას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური პრობლემებით ხსნის.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „20/30“ საუბრისას განაცხადა, გასულ წელს საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა აღინიშნა, როგორც რეგიონში ასევე ევროპაშიც.

„საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2014 წელს 4,8% იყო, თუ გადახედავთ სხვა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ნახავთ, რომ მთელ ევროპაში არის რეცესია, ეკონომიკური ზრდის შენელება. ეს განაპირობა იმ  კრიზისმა, რომელიც გამოწვეული იყო ყირიმის მოვლენებით, კრიზისია უკრაინასა და რუსეთში, რამაც ჩაითრია ევროპა, ცენტრალური აზია და მთლიანად ჩვენი რეგიონი.“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამან მოახდინა გავლენა საქართველოზეც და 2015 წლისთვის დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის კორექტირება მოხდა.

„საქართველო ვერ დარჩებოდა რეაგირების გარეშე, ეს აისახა ჩვენს ეკონომიკაზეც, მით უმეტეს, რომ საქართველოს ეკონომიკა პატარაა, პატარა ბაზარია, მაგრამ გლობალური ბაზრის ნაწილი ვართ და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები ჩვენზეც აისახება. წელს 5%-იანი ზრდა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მათ შორისაა, კრიზისი აღმოსავლეთში, ისლამური სახელმწიფოს კრიზისი, ნავთობის ფასები… ამ პროგნოზს ვერ შევასრულებით და ყველა ქვეყანას მოუხდა ეკონომიკური ზრდის გადახედვა რეგიონსა და არა მხოლოდ რეგიონში, მათ შორის ევროპაში, ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ვფიქრობთ, 2%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, ბიუჯეტის 2 კვარტლის გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული და ამ მხრივ გარღვევა არ არის. „პირველ კვარტალში ეკონომიკა 3,2%-ით გაიზარდა, მეორეში ზრდის მაჩვენებელი მცირედით შემცირდა, მაგრამ ვართ ოპრტიმისტურად განწყობილი, რომ 2%-იან ზრდას მივაღწევთ“, – განაცხადა ღარიბაშილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად