ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს დაფინანსების თხოვნით მიმართეს – ინფორმაციას ლიდერები ადასტურებენ

ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტის მიუხედავად ცესკოს დაფინანსების თხოვნით ვადის ამოწურვამდე ბოლო საათებში მაინც მიმართა, – ამ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს და ასახელებს იმ პარტიებსაც ვინც უკვე მიმართა და ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს.

“აიპრესმა” აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე პარტიასთან გადაამოწმა, სადაც ფაქტი დაგვიდასტურეს.

ფაქტს ადასტურებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი, რომელიც ამბობს, რომ კანონით ამის სრული უფლება ჰქონდათ.

ფაქტი დაგვიდასტურეს “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთ სუბიექტში – “რესპუბლიკურ პარტიაშიც”. კერძოდ, ინფორმაცია პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და “ძალა ერთობაშიას” სიის 19-ე ნომერმა თამარ კორძაიამ დაგვიდასტურა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ეს ბუნებრივად მიაჩნია და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა რესურსი გადაუკეტა, მათ შორის ბიზნესის დახმარება და პოლიტიკური ძალისთვის არსებობის ერთადერთი რესურსი საბიუჯეტო დაფინანსებაა.

ინფორმაცია დაგვიდასტურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამაც.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით კი ცესკოს დაფინანსების თხოვნით მიმართეს შემდეგმა პარტიებმა:

„ქართული ოცნება“

„ევროპული საქართველო“;

ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – გაერთიანებული ოპოზიცია და მასში შემავალი პარტიები:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

„პროგრესი და თავისუფლება“

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“

„ევროპული დემოკრატები“

ბლოკი: გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი

„კანონი და სამართალი“

პარტიები, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის დაფინანსების თაობაზე ჯერ არ მიუმართავთ:

ალეკო ელისაშვილი „მოქალაქეები“

„გირჩი“

„ლელო“

„პატრიოტთა ალიანსი“

„ლეიბორისტული პარტია“

დღეს, ცესკოსთვის დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე მიმართვის ბოლო დღე იყო. პარტიებს, რომლებსაც არ მიუმართავთ ეგზავნებათ გაფრთხილება, რომლის ჩაბარებიდან 3 დღეში შეუძლიათ მოთხოვნა გაგზავნონ. თუ ისინი 3 დღეში ასეთი მოთხოვნით ცესკოს არ მიმართავენ, მაშინ დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად