ოპოზიციური პარტიები პარლამენტს არარსებულ კანონში ინიციატივის შეტანას სთხოვენ

პარლამენტს რამდენიმე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. მათ შორის, ერთ-ერთი კანონი – „თბილისის შესახებ“, რომელშიც ინიციატორები ცვლილების შეტანას ითხოვენ, აღარ არსებობს. ცვლილების შეტანას ითხოვდნენ ასევე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში, რომელიც 2014 წლის 5 თებერვალს ძალადაკარგულად გამოცხადდა, და ჩანაცვლდა „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსით.

კერძოდ, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა – „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“, „ძალოვან ვეტერანთა“ და „პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ“ პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს. დღეს კი ბიუროს ვადის გაგრძელებისა და საკითხის განხილვაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჩართვის შესახებ თხოვნით მიმართეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „თბილისის შესახებ“ კანონი შეცდომით იყო მითითებული.

„ხარვეზები აქვთ სათაურებში. წინადადებაც აბსურდულია. 

ეს ყველაფერი მეტყველებს, რამდენად არის მომწიფებული ესა თუ ის პარტია, იმისათვის, რომ კანონპროექტებთან დაკავშირებით იმსჯელონ. მძიმე მდგომარეობა გვაქვს ძალიან“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...