“ოპოზიციას დღის წესრიგიდან გაქრობა არ ემუქრება” – ინტერვიუ ოთო კახიძესთან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლიტიკაში რჩება, ხოლო ამ პერიოდში იმიტომ არ აქტიურობს, რომ ახლა პოლიტიკურად პასიური პერიოდია. კახიძე იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ გაქრება.

რატომ არ არის აქტიური პოლიტიკაში? როგორ აფასებს ანანიაშვილის გადაწყვეტილებას? რას ფიქრობს ამერიკაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით და ბიძინა ივანიშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე? რას გააკეთებს ოპოზიცია იმისათვის, რომ დღის წესრიგიდან არ გაქრეს? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში ოთო კახიძე საუბრობს:

_ ბოლო პერიოდში არ ჩანხართ აქტიურად პოლიტიკაში და ტაიმ-აუტი აიღეთ თუ რითია ეს გამოწვეული?

_ ალბათ უფრო იმიტომ, რომ თვითონ პერიოდია საკმაოდ პასიური.

_ კითხვა გამიჩნდა, რომ დროებით პოლიტიკიდან ხომ არ გახვედით?

_ არა. პოლიტიკიდან არ გავსულვარ, თუმცა იურიდიული ფირმა დავაფუძნე და უფრო მეტად იურიდიული ფირმის საქმიანობით ვარ ამჟამად დაკავებული.

_ როგორც კი პროცესები გააქტიურდება ისევ აქტიურად ჩაერთვებით პოლიტიკასა და პარტიულ საქმიანობაში?

_ კი, რა თქმა უნდა ჩართული ვარ.

_ როგორ აფასებთ ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას, როდესაც ის ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს და მისაღები იყო თქვენთვის ის არგუმენტაცია რაც დასახელდა?

_ მე ზოგადად არ ვთვლი სწორად ოკუპაციის პირობებში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს. ეს იქნება რუსეთში რომელიმე საბალეტო დასის ხელმძღვანელობა თუ მოსკოვში კონცერტების გამართვა… ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ოკუპანტს აფიქრებინებს, რომ თითქოს საქმე ნორმალურად არის და ჩვენ როგორც ერი შევეგუეთ ტერიტორიების ოკუპაციას და აღარ გვაქვს პროტესტი. ამ კლიმატს აძლიერებს ასეთი გადაწყვეტილებები. მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, თუმცა ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანი.

_ ეს ბუნებრივია თუმცა ბევრი კითხვა გააჩნია იმას, როდესაც ანანიაშვილმა შეადარა რუსეთი და გერმანია ერთმანეთს და თქვა, რომ გერმანიასთანაც გვქონდა ომი და ეს არ ნიშნავს, რომ დღეს არ უნდა გვქონდეს გერმანიასთან მეგობრული ურთიერთობაო. რბილად რომ ვთქვათ, ეს რამდენად  სწორია?

_ როდესაც საბჭოთა კავშირი – გერმანიის ომი აღქმულია, როგორც საქართველო-გერმანიის ომად, ესეც მიუთითებს საბჭოთა მემკვიდრეობაზე, მაგრამ ამის გარდა მთავარი შეცდომა პარალელურად არის ის, რომ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ჩვენი მოქალაქეების განდევნა საკუთარი სახლებიდან, ეს მიმდინარე პროცესია და აწმყოში ვითარდება ეს. ეს არ არის წარსულში განვითარებული კონფლიქტი, რომელიც ამოიწურა. ოკუპაცია ახლაც გრძელდება – ჩვენი მოქალაქეების მოტაცება, მკვლელობა, წამება. მავთულხლართების გადმოწევა და ადამიანებისთვის უფლების არმიცემა, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ – სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. ეს პარალელი წარსულ კონფლიქტებთან უბრალოდ მცდარია.

_ თქვენი შეფასებით რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში? – იქით ვნახეთ რა მძიმე პროცესები განვითარდა კაპიტოლიუმთან, აქეთ მაკრონი ივანიშვილს საფრანგეთის ღირსების ორდენით აჯილდოვებს. საით მიდის მსოფლიო პოლიტიკა?

_ ეს გლობალური კითხვაა. აშშ-ს რაც შეეხება ზოგადად პრობლემაა პოლარიზება, ზედმეტი პოლარიზება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის. ეს კონფრონტაცია და კონფლიქტი, რაც დემოკრატიის ნაწილია, არ უნდა გადავიდეს წითელ ხაზებს მიღმა. არ შეიძლება პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი დასახონ მტრებად და სისტემა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, მოხდეს მისი დისკრედიტაცია. ამის შედეგი იყო ის ინციდენტი, რომელიც ვაშინგტონში მოხდა, თუმცა ეს მალევე ამოიწურა. დღეს გავრცელდა დონალდ ტრამპის ვიდეო მიმართვა, სადაც ის მარცხს აღიარებს და მოუწოდებს თავის მომხრეებს სიმშვიდისკენ. წესრიგი მალევე აღდგა და ეს იყო ექსცესების ხანმოკლე მომენტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკული დემოკრატია გაუძლებს.

რაც შეეხება ივანიშვილისთვის ჯილდოს გადაცემას, ეს ჯილდო 2006 წელს მიღებული აქვს ვლადიმირ პუტინს. ჩემი აზრით ამით ყველაფერი ნათქვამია და ამას არ უნდა მივანიჭოთ გადაჭარბებული მნიშვნელობა.

ზოგადად ფონი, განსაკუთრებით ეკონომიკური არის ძალიან მძიმე. პანდემიამ იმის გარდა, რომ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, ამან ასევე შეიწირა უამრავი სამუშაო ადგილი და უკან დახია მსოფლიო. მტკივნეული დარტყმაა ეს საქართველოსთვისაც და ყველას გამოწვევაა, რომ ამ პრობლემებს ერთად გავუმკლავდეთ, თუმცა ჩვენთანაც პოლარიზებულია პოლიტიკური გარემო. პირველად ერთპარტიული პარლამენტი დაფიქსირდა საქართველოს ისტორიაში.

_ თუმცა, შევიდა რამდენიმე დეპუტატი და ეს სურათს არ შეცვლის?

_ „ქართული ოცნების“ მითითებით ვინც „პატრიოტთა ალიანსს“ აფინანსებდა, ის ადამიანები შევიდნენ პარლამენტში, ეს არ არის ოპოზიცია და არაც არასდროს ყოფილა.

_ ფორმალურადაც?

_ რა თქმა უნდა. შევიდნენ პარლამენტში და რაღაც ახალი პარტია დააფუძნეს. ახალი პარტიის დაფუძნება „ქართული ოცნების“ გაერთიანებაში ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია და ეს რა თქმა უნდა ოპოზიცია არ არის.

_ რა მოლოდინები გაქვთ 2021 წლისგან? ოპოზიცია საპარლამენტო ტრიბუნიდან ვეღარ შექმნით პოლიტიკურ დღის წესრიგს და რას აპირებთ იმისათვის, რომ ისე არ მოხდეს, რომ ოპოზიცია სრულად გაქრეს?

_ ეს მარტივად მოხერხებადია ამომრჩეველთან კომუნიკაციით და ამომრჩეველთან კომუნიკაციის არხები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის პირდაპირი კომუნიკაცია, ანუ უშუალო კომუნიკაცია. როგორც კი პანდემიური ფონი გადაივლის, ეს კომუნიკაცია ძველ ფორმებს დაიბრუნებს. მეორე მიმართულება ეს არის სოციალური მედია, რომლის როლიც სულ უფრო და უფრო იზრდება და ამომრჩეველთან დაკავშირება არის ძალიან მარტივი. ასევე ტრადიციული მედია ტელევიზიების მეშვეობით. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციას დღის წესრიგიდან რაიმე ფორმით გაქრობა ემუქრება.

ამავე დროს ქვეყანას სჭირდება ქმედითი პარლამენტი და ქვეყანას სჭირდება, რომ არსებობდეს რწმენა არჩევნების მიმართ. უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაცია. უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან. უნდა ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც ბიულეტენებს გარეთ არ შემოხაზავენ და შემოხაზულ ბიულეტენებს არ ჩააგდებინებენ ადამიანებს მოსყიდვით თუ დაშინებით, სადაც ოქმებს არ გადააკეთებენ ერთიანებს ოთხიანებად და ორიანებს რვიანებად. ეს გასაკეთებელია და ეს სჭირდება ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის შემდეგ საზოგადოება აიძულებს ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯები გადადგას და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად