“ოპოზიციამ შეწყვიტოს დემოკრატიის სიმულაცია არალეგიტიმურ პარლამენტში” – “ევროსაქართველომ” 10 პუნქტიანი გეგმა წარადგინა

თუ წლის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებები არ დაამტკიცა, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომემაც კრიზისიდან გამოსვლის 10 პუნქტიანი გეგმა წარადგინა:

1. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან ოპტიმალური გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნების მიღწევა და ამ არჩევნებში რეჟიმის დამარცხება;

2. მცდარი და საზიანოა გზავნილი, რომ არჩევნები გაუქმდა და მხოლოდ არასაარჩევნო გზით მივაღწევთ ცვლილებებს. ეს ამომრჩეველში უიმედობას იწვევს;

3. მცდარი, ალოგიკური და საზიანოა გზავნილი, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, კერძოდ სააკაშვილის განთავისუფლება, არის რეჟიმის დამარცხების წინაპირობა. რეალურად, საქმე პირიქითაა, პოლიტიკური დევნის შეჩერების გზა ივანიშვილის დასუსტებასა და დამარცხებაზე გადის;

4. მცდარი და საზიანოა რეჟიმის დასრულების ბოლო ვადების დათქმა და ზოგადად, არარეალისტური მოლოდინების შექმნა. საზოგადოების იმედგაცრუება რეჟიმს კვებავს.

5. მცდარი და საზიანოა ოპოზიცია მოქმედებდეს მესიანისტური და ეთნო-რელიგიური პოპულიზმით, მათ შორის, საპატრიარქოს პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მცდელობით. ამ გზით ივანიშვილის რეჟიმთან შეჯიბრი პრინციპულად მიუღებელია და პრაგმატულად უშედეგო.

6.ავტორიტარული რეჟიმის იძულებას, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, და შემდეგ, ამ არჩევნებში მის დამარცხებას, უბრალოდ უმრავლესობის მხარდაჭერა არ ყოფნის – ბევრად ბევრად უფრო დიდი უმრავლესობა სჭირდება. არასაარჩევნო გზით , მშვიდობიანი რევოლუციით ცვლილებას – კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის მზადყოფნა პერმანენტული პროტესტისთვის;

7. იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნამ ფართო სახალხო მხარდაჭერა შეიძინოს და ამავდროულად, დასავლეთისთვის ცხადი გახდეს კრიზისის სერიოზულობა, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიული პროცესის სიმულაცია არალეგიტიმურ პარლამენტში.

8. საპარლამენტო ოპოზიცია, მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად შევიდა. ქართულმა ოცნებამ, არსებითად, ყველა პირობა დაარღვია. ღიად რჩება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი. თუ წლის ბოლომდე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები არ დაამტკიცა, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. ამ ნაბიჯის გარეშე, პროტესტი თანმიმდევრული ვერ იქნება. არათანმიმდევრულობა ჩვენთვის შეუძლებელს ხდის ოპოზიციის კოორდინირებულ საპროტესტო მოქმედებებს;

9. იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის საპროტესტო აქციებში, საზოგადოების სხვადასხვა შრე ჩაერთოს, ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გაფართოვდეს და ის საკითხებიც მოიცვას, რაც პირდაპირ ეხება ჩვენ მოქალაქეებს უმართავი პანდემიის და ორნიშნა ინფლაციის პირობებში. მხოლოდ ერთ საკითხზე ფოკუსირება პოლიტიკურ პროცესს ავიწროვებს და ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს;

10. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპოზიცია მოქმედებდეს დასავლური ღირებულებებით და დემოკრატიული დღის წესრიგით. ეს გახდება, ამ რეჟიმის წინააღმდეგ, დასავლეთის წნეხის გაზრდის წინაპირობაც.

კომენტარები
იტვირთება...