ოფიციალური რუსეთი ქათამაძეს რუსოფობიურ განცხადებებში ადანაშაულებს – კრემლის პასუხი მომღერალს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ქართველ მომღერალ ნინო ქათამაძეს ძალიან ნიჭიერი უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მას პოლიტიკაში ბევრი არ ესმის. ასეთი კომენტარი გააკეთა დმიტრი პესკოვმა მომღერლის განცხადებაზე, რომელშიც ქათამაძე აცხადებს, რომ რუსეთში კონცერტებზე აღარ გამოვა.

„ქათამაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ სავარაუდოდ, პოლიტიკის სფეროში ბევრი არ ესმის. თუკი რაიმე შეკითხვები ექნება, მათზე პასუხის გასაცემად ჩვენ მუდამ მზად ვართ“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთში ძალიან აფასებენ საქართველოს კულტურის წარმომადგენლებს, თუმცა პოზიტიურად ვერ მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომელიც სავსეა რუსოფობიური სულით და ექსტრემისტებისა და ნაციონალისტების ქმედებებს, რომლებიც, როგორც პესკოვი აღნიშნავს, მიმართულია რუსი პარლამენტარების წინააღმდეგ.

პესკოვი აგრეთვე აცხადებს, რომ რუსმა არტისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოში მათი გამოსვლა შესაძლოა სახიფათო იყოს.

„ჩვენ საქართველოს წარმომადგენლებისგან ხომ არ გვსმენია, რომ გაესამართლებინოთ ის პირები, რომლებიც პარლამენტში შეჭრასა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე თავდასხმას აპირებდნენ“, – ამბობს პესკოვი.

აქამდე ნინო ქათამაძემ, თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთში კონცერტებს აღარ ჩაატარებს, ვინაიდან ამ ქვეყანას ოკუპანტად მიიჩნევს. მომღერალი აღნიშნავს, რომ სამშობლოსთვის არასდროს უღალატია, არ მიუღია მონაწილეობა ისეთ კონცერტებში, რომლებიც სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებოდა, ან პოლიტიკოსების დაბადების დღეების საპატივსაცემოდ გამართულ ღონისძიებებში.

მოგვიანებით აღნიშნული პოსტი ხელმისაწვდომი აღარ იყო, თუმცა ამ მომენტისთვის ნაწერი კვლავ გამოჩნდა მის ფეისბუქ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად