ოფიციალური მონაცემებით დაკარგულია 1 ვეფხვი და 1 ზოლიანი აფთარი

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ოფიციალური მონაცემებით ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია. ამ მომენტისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.

"21 ივნისს ღამის 12 საათიდან მოყოლებული სულ დაფიქსირებულია 15 გამოძახება სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ. ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება, თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა.

მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს.

სვანიძის ქუჩაზე კვლავ გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დამატებით შეყვანილია 50 სამხედრო მოსამსახურე, რათა დროულად მოხდეს ძაღლების თავშესაფრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა.

ამ მომენტითვის გაკეთებულია ხეობის მეორე მხარეს გადასასვლელი გზა, რითაც მძიმე ტექნიკა სარგებლობს. ძირითადი ძალები გადართულია სვანიძის ქუჩის მიმდებარე ვერეს ხეობისა და იქ არსებული გვირაბის სიახლოვიდან ჩამონადენი და ნაშალი მასალების გამოტანაზე. ინტენსიურად მიმდინარეობს ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნის ეზოს გაწმენდითი სამუშაოები.

მზიურის ტერიტორიაზე მუშაობს 285 მეხანძრე-მაშველი. დაცვის პოლიციის 50  თანამშრომელი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 27 თანამშრომელი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და მერიის მიერ დაქირავებული კერძო კომპანიების ტექნიკა.

ზოოპარკის ტერიტორიაზე აქტირად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით. პრობლემატურ ლოკაციად რჩება მტაცებელ ცხოველთა ვოლიერი, საიდანაც წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში ხდება ვოლიერთან სპეცტექნიკისთვის მისასვლელი გზის წმენდა.

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება წყლის ამოტუმბვითი და ჩამონადენი მასალების გატანითი სამუშაოები.

წყნეთის ქუჩის მიმდებარედ აქტიურად მიმდინარეობს ნაპირის გამაგრებისთვის საჭირო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დასრულდა 6 ხიმინჯის მოწყობა, დღის ბოლომდე დაემატება კიდევ 4. ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს სააქციო საზოგადოება „ზიმოს“ სპეცტექნიკა და პერსონალი. დამონტაჟებულია სპეციალური განათება საჭიროების შემთხვევაში ღამით სამუშაოების გასაგრძელებლად.

სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება პოტენციური რისკის შემცველ ყველა კერაზე – სვანიძის ქუჩა, "მზიურის" და ზოოპარკის ტერიტორია, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პოტენციური რისკები. სურსათის ეროვნული სააგენტო ზოოპარკისა  და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან  სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ნადგურდება  სპეციალურ ინსენერატორში (ლეშის გამანადგურებელი კრემატორიუმი),  რომელიც  განთავსებულია  თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე (ნორიოს ნაგავსაყრელი).   განადგურებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ    სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.  მათი გადატანა ხდება  უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.

სურსათის ეროვნული  სააგენტოს   სპეციალისტების ზედამხედველობით,  სტიქიის ზონაში მდებარე ხორცპროდუქტების ქარხანა „ვაკე“-დან  მავნებლად მიჩნეული, გაფუჭებული სურსათის ამოღების პროცესი თითქმის დასრულდა.  აღნიშნული  ტერიტორიიდან  უკვე გატანილი და განადგურებულია 135 ტონამდე მავნებლად მიჩნეული გაფუჭებული მზა სურსათი  და ნედლეული.

სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობიდან 328 ადამიანი განთავსებულია სხვადასხვა სასტუმროში, ხოლო 92 კი კერძო ბინებში."- ნათქვამია  უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად