ოფიციალურად: ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ტურინის "იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად მოიპოვა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა, საკუთარ არენაზე "კროტონეს" უმასპინძლა და მაჯუკიჩის, დიბალასა და ალექს სანდროს გოლებით 3:0 დაამარცხა.

ტურინელებმა ამ მოგებით 88 ქულა დააგროვეს და უახლოესი მდევარი "რომასთვის" მიუწვდომლები გახდნენ, რადგან სხვაობა 4 ქულაა და რომაელებს "იუვენტუსზე" დაწევის აღარანაირი შანსი არ აქვს.

ამ საფეხბურთო სეზონში, "იუვენტუსმა" უკვე მეორე ტიტული მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ, ალეგრის გუნდი იტალიის თასის მფლობელი გახდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი იტალიელებს წინ აქვთ.

3 ივნისს, უელსში, კარდიფის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც "იუვენტუსი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება სერია A-ს, ბოლო ტურში აქ დიდი ინტრიგა კიდევ არის "რომასა" და "ნაპოლის" სახით დარჩენილი, რომლებიც პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. "რომას" 54 ქულით მეორე პოზიცია უკავია და თუკი ბოლო ტურში, შინ "ჯენუას" დაამარცხებს, ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ის ითამაშებს შემდეგ სეზონში, ნეაპოლელებს კი გასვლაზე "სამპდორიას" დამარცხება მოუწევთ. მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, "ნაპოლის" ყველაზე პრესტიჟული საკლუბი ტურნირის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლა საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...