ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას მხოლოდ მიწვეული სტუმრები დაესწრებიან

ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის ღონისძებაზე  დასწრება მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი, რომელიც ხელოვანებს, მთავრობის წევრებს და უცხოელ სტუმრებს გადაეცემათ. ამის შესახებ კულტურის სამინისტროდან იუწყებიან.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე სამი საპრემიერო ჩვენების გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

“30 იანვრიდან, 6 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა საზეიმოდ იხსნება. ბუნებრივია, ოპერის შენობა არ იძლევა საშუალებას, რომ ყველა მსურველი გახსნის პირველივე დღეს დაესწროს პრემიერას, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება სამი საპრემიერო ჩვენების გამართვასთან დაკავშირებით.

გვსურს განვაცხადოთ, რომ გახსნის პირველ დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე დამსწრეთა ნუსხა ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად შეადგინა. მოწვეულია მრავალრიცხოვანი დასის ყველა წევრი, შემოქმედებითი კოლექტივი, მსახიობები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, დიდი ქართველი კომპოზიტორების ოჯახის წევრები და შთამომავლები, უცხოელი სტუმრები, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსი. საპრემიერო ჩვენებაზე მოსაწვევებით დასწრება საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა და აპრობირებული მეთოდია.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნა ჩვენი ეროვნული ზეიმია. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომდევნო საპრემიერო ჩვენებებზე დასწრების ასეთივე მაღალი ინტერესი იქნება”,-აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...