ონს წყალი ალტერნატიული ქსელით მიეწოდება, ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, სტაბილურად მიეწოდება.

განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი და ჟიჟორეთის წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის კოორდინაციით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები დაზიანებული მაგისტრალის აღსადგენად.
„ონში მომხდარმა სტიქიამ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელები დააზიანა, თუმცა ჩვენ გვქონდა ალტერნატიული ქსელი, რომლის საშუალებითაც ამ წუთისათვის ონში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია. რაც შეეხება ძირითად მაგისტრალურ ქსელს, რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა გიგა მანდარიამ.
წყალუხვობის გამო ქსელის დაზიანებულ მაგისტრალთან მისვლა შეუძლებელია, ამ დროისთვის, მდინარე რიონის კალაპოტის შესაცვლელად საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები უშუალოდ ქსელის რეაბილიტაციას დაიწყებენ.
„წყალუხვობის პერიოდში ვერ ვუდგებით დაზიანებულ მილებს რომ შეიცვალოს და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს. მდინარის კალაპოტის შეცვლისთვის საჭირო სამუშაოები გაგრძელდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ დაზიანებული მილები გამოვცვალოთ“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად