ომის დღიურებიდან – ლევან ფანცხავას ბლოგი

ყველას აქვს მისი პირადი დღიური, 11 წლის წინანდელი აგვისტოს დღეებიდან.

რუსეთი ოკუპანტია!!!

ვიდრე მცოცავი ოკუპაცია ჩვენს, დიდი ხნის ოკუპირებული სამშობლოს ტერიტორიაზე ისევ გრძელდება, ასე ვიწყებთ გაღვიძებას და დაძინებას. წერას, ლაპარაკს, კამათს, ყველაფერს, რათა მსოფლიოს ვუთხრათ რომ მათულხლართები ყელში გვაქვს მობჯენილი და ვიგუდებით. ძლიერები აღმოვჩნდით, ვერა და ვერ გაგვგუდეს, მაინც ვსუნთქავთ და ვისუნთქებთ სულ, რადგან შეგვიძლია ყელზე მობჯენილ მავთულებს ორივე ხელი მაგრად ჩავჭიდოთ, დიდი ტკივილის მიუხედავად და არ მივცეთ უფლება გაგვგუდოს.

პირველი კურსი დავამთავრე. თბილისიდან წყალტუბოში ჩავედი. გარეთ 21-ე საუკენე იდგა, აგვისტოს თვე.

8 აგვისტოს, დილის 6 საათზე დადაჩემის ხმა გავიგონე:

– დროზე დე, დროზე გარეთ.

შორტში “აბორძიკებით” ჯერ ერთი და მერე მეორე ფეხი გავუყარე და საკუთარი ოთახიდან ისე გავიქეცი, მეგონა სახლის კარიდან, აქ და ახლა ბოლო ნაბიჯს ვდგამდი.

ქუჩა სავსე იყო ხალხით:

– სამი ვერტმფრენი იყო, დავინახე.

– სადღაც ახლოს ჩამოაგდეს ბომბი.

– ტანკებს “გასტრონომთან” გაუვლიათ.

– უკან არ ვიხევთ, ხელით ვიბრძოლოთ.

– ვისაც რა შესაძლებლობა გვაქვს, ისე ვიბრძოლოთ.

ყველა წინადადება და ყველას ხმა ირეოდა ერთმანეთში.

მერე წამიერი სიჩუმე იყო…

–  ქვედა ქუჩიდან ამბობენ, რომ ტანკებმა უბრალოდ ჩაიარეს და წავიდნენ, ჩვენები იყვნენო.

– ვერტმფრენების ხმაც აღარ ისმის.

ფილმში მგონია თავი, ჯერ გამაყრუებელი არეული ხმის ტემბრებით და მერე რამდენიმეწამიანი სიჩუმით.

სახლის ზღვართან ჩამოვჯექი და საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, რადგან სხვებისთვის კითხვის დასმას მეგონა რომ ერთი “პატარა” ბიჭის შიშებს მიაწერდნენ.

– ახლა რა ვქნათ?

ეს იყო ყველაზე ხშირად დასმული კითხვა და მერე ომიც დასრულდა, გადაბმული დღე-ღამეების ქრონოლოგიაში, დასრულდა პირობითად და გვგუდავენ დღესაც.

მოგვიკლეს ბიჭები, გოგოები, მამები, ძმები, დედები, გმირები მოგვიკლეს.

ძალიან რთულია, ამ დღიურების ერთ ფურცელზე დაატიო სიბრაზე, ტკივილი, გაუგებრობა, სიმაყე, ყველაფერი ერთად. თუმცა როცა ეს ქაოსური გრძნობები და ფიქრები 11 წლის მერეც არ ნელდება, პირიქით უფრო ძლიერდება რაც წლები გადის, ვხვდებით რომ ჩვენ ყველა ომს მოვიგებთ. რადგან ჩვენ გვახსოვს, რადგან ჩვენ გმირების სამშობლოში ვცხოვრობთ, რადგან რუსეთი ოკუპანტია.

ოფიციალური მონაცემებით, აგვიტოს ომში, რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველომ 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა, დაიღუპა 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი, დაშავდა 1 747.

169  სამხედრო მოგვიკლეს, აქედან ხუთი ისე დავკარგეთ უგზო-უკვლოდ, რომ ამ დრომდე ომში გვგონია.

თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.

საკუთარი ქვეყნიდან გაგვიდევნეს თითქმის 150 000  ადამიანი, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

დღიურის მეორე ფურცელიც იწყება ასე:

რუსეთი ოკუპანტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად