ომბუდსმენმა სააპელაციო სასამართლოს “ზვიად რატიანის საქმეზე” მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ  თბილისის სააპელაციო სასამართლოს "ზვიად რატიანის საქმეზე" მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

"2018 წლის 15 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა. მოსაზრებაში მიმოხილულია ნეიტრალური მტკიცებულებების მნიშვნელობა სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში და მასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა.

საქმის მასალების შესწავლისა და სასამართლო მონიტორინგის შედეგად აშკარაა, რომ დაკავებამდე ზვიად რატიანის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, გარდა დამკავებელი პოლიციელების ჩვენებებისა; ხოლო, ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით, პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და იწვევს მტკიცების ტვირთის სახელმწიფოდან მოქალაქეზე გადასვლას, რაც აღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

ნიშანდობლივია, რომ კანონი პირდაპირ მოითხოვს სპეციალური საპოლიციო კონტროლის მონაწილე პოლიციელების სამხრე კამერებით აღჭურვას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიციელთა მიერ ნეიტრალური მტკიცებულებების არმოპოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებისთვის დამახასიათებელი სისტემური პრობლემაა, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია სწორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება.

სახალხო დამცველი გააგრძელებს აღნიშნული საქმის მონიტორინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და იმედს გამოთქვამს, რომ წინამდებარე მოსაზრება სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად