ომბუდსმენი: უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს საარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა და განმარტა, რომ გარდა ძალისმიერი ანგარიშსწორებისა, არის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის თაობაზე.

“სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება გვაქვს. სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი.

“ჩვენ იგივე მოსყიდვის თუ სხვა შემთხვევებზე დღემდე არ გვყავს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა სახალხო დამცველი განაგრძობს ზედამხედეველობისა და მონიტორინგის განხორციელებას, რამდენად ობიექტურად და დროულად ხდება თითოეულ ფაქტზე გამოძიების დაწყება და შემდეგ უკვე პირების პასუხისგებაში მიცემას”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად