ომბუდსმენი: მედია შშმ პირებს ინფორმაციას ადაპტირებული ფორმით არ აწვდის

სახალხო დამცველის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიები შშმ პირებს ინფორმაციას ადაპტირებული ფორმით არ აწვდიან. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წინადადებებით მიმართა. 

"საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინფორმაციის მისაწვდომობის თაობაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უფლების რეალიზების პროცესში. მათთვის არ არის მისაწვდომი საინფორმაციო, გასართობი და სხვადასხვა სახის სატელევიზიო პროგრამები, ფილმები.

სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან ინფორმაციის მიწოდება არ ხდება ადაპტირებული ფორმით. კომუნიკაციის სპეციფიკური საჭიროებების არარსებობა აბრკოლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ამ ეტაპზე გატარებული ღონისძიებები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სურდოთარგმანის, სუბტიტრების, ბრაილის შრიფტის, ტიფლოკომენტარის, გამაძლიერებელი და სხვა სპეციალური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა წინადადებით:  უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ელექტრონული სერვისების საჭიროებებისა და მათი განვითარების შესაძლებლობების შესწავლა; შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით დროულად და ხარისხიანად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, სატელევიზიო პროგრამების და ფილმების მისაწვდომობა სურდოთარგმანის, აუდიო დესკრიფციული მეთოდების (ტიფლოკომენტარი), აფიშირებული ტექსტის, ბრაილის შრიფტის, ტაქტილური კომუნიკაციის, მსხვილი შრიფტის, მულტიმედიის, გამაძლიერებელი თუ ალტერნატიული კომუნიკაციისა და სხვა მისაწვდომი ფორმების, მეთოდების, საშუალებებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად იქნება გაწერილი გასატარებელი ღონისძიებები/აქტივობები, მათი შესრულების ვადები, ინფორმაცია შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესახებ, დაფინანსების წყარო და შედეგის გაზომვადი ინდიკატორები",-აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად