A1 ბანერი

ოლიკო შერმადინი: მიხეილ ჩინჩალაძე ვანო ზარდიაშვილის მეჯვარე და ირაკლი კობახიძის კურსელია

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები დაასახელა და სია საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა, რასაც საზოგადოების ნაწილის და მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ასევე, თანამდებობა დატოვა პარლამეტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ და მიზეზად მოსამართლეთა კანდიდატების სია დაასახელა.

პროტესტი იმდენად მძლავრი იყო, რომ პარლამენტში სიის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ერთ-ერთია  კანდიდატებს შორის, ერთმანეთს პარლამეტში პირისპირ შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ სია გადაიხედებოდა. თუმცა, ამ დრომდე იუსტიციის საბჭოს წევრები ამბობენ, რომ სიის გადახედვის საფუძველს ვერ ხედავენ.

10 კაციანი სიიდან, ყველაზე დიდი პროტესტი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის დასახელებას მოჰყვა, რომელიც 10 წლის განმავლობაში(2007 -2017 წ.წ)  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარე იყო. ხოლო, ქვეყნის ყველა მაღალი სასამართლო ინსტანციაში ვადის ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის 11 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიხეილ ჩინჩალაძე უვადო მოსამართლედ აირჩია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს კვლევით, მიხეილ ჩინძალაძეს უზენაეს სასამართლოში 10 წლის მანძილზე მხოლოდ 250 საქმე აქვს განხილული, თუმცა არსებითად არც ერთი საქმე არ განუხილავს.

„აიპრესთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს იურისტი ოლიკო შერმადინი, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობს, ამბობს:

-ცხადია, რომ ამ კუთხით პრობლემაა სასამართლოში. როდესაც ადამიანი 10 წელი მოსამართლედ მუშაობს და მხოლოდ 250 საქმე აქვს განხილული, ეს უკვე პრობლემაა…

მიხეილ ჩინჩალაძე არის ყოფილი პროკურორი. ის მცხეთაში იყო პროკურორი მამია ფხაკაძესთან და ბადრი შონიასთან ერთად.

მისი სახელი მიწების ჩამორთმევის საქმეებს უკავშირდება. დაზარალებული პირები თავად საუბრობენ, რომ ჩინჩალაძემ აიძულა, დაეწერათ ქონების დათმობის შესახებ განცხადებები. ამის შემდეგ მიხეილ ჩინჩალაძემ და მასთან მომუშავე რამდენიმე პროკურორმა სასამართლო სისტემაში გადაინაცვლეს.

ჩინჩალაძე იყო უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის მოადგილე. მიუხედავად იმისა, რომ 2007 – 2017 წლებში მოსამართლე იყო, უზენაეს სასამართლოში საქმეებს არსებითად არ განიხილავდა.

როცა ვსაუბრობთ, 10 წლის განმავლობაში 250 საქმე განიხილა, რეალურად ეს არის დიდი პალატის შემადგენლობაში, ანუ 9 კაციდან ერთ-ერთი იყო, მას არსებითად საქმე არ განუხილავს. მომხსენებელი მოსამართლე არცერთ საქმეზე არ ყოფილა. და საერთოდ, 4 წელი ზედიზედ ნული საქმე აქვს განხილული, ანუ მონაწილეობაც კი არ აქვს მიღებული რამე საქმის განხილვაში.

_ რას აკეთებდა უზენაეს სასამართლოში მიხეილ ჩინჩალაძე თუ საქმეებს არსებითად არ განიხილავდა?

_ ყოფილი მოსამართლეები და ადვოკატები საუბრობენ, რომ მიხეილ ჩინჩალაძე იყო მაკავშირებელი რგოლი ხელისუფლებასა და სასამართლოს შორის, რომ მისი მეშვეობით იმართებოდა სასამართლო სისტემა ყოფილი ხელისუფლების პერიოდში და ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა კოტე კუბლაშვილთან ერთად სასამართლო სისტემაში.

მას შემდეგ, რაც კოტე კუბლაშვილმა დატოვა სისტემა, მიხეილ ჩინჩალაძეა ყველაზე გავლენიანი სასამართლო სისტემაში.

გახსოვთ ალბათ, როგორც კი მას  უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა ამოეწურა, რამდენიმე დღით ადრე შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე პირველი უვადოდ დანიშნული მოსამართლე იყო საქართველოში და  თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. თუმცა, გაურკვეველია რა დამსახურების გამო.

გახსოვთ ალბათ, ძალიან უცნაური იყო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ვადაზე ადრე გადადგა იმისთვის, რომ ადგილი გაეთავისუფლებინათ და ვადის ამოწურვის შემდეგ ჩინჩალაძე არ ყოფილიყო სისტემის გარეთ.

ის 2017 წელს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ, თუმცა აქაც არსებითად საქმე არ განუხილავს. დანიშვნიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით გამოთხოვილ ინფორმაციაში სულ არის 9 საქმე, არც ერთი არსებითი განხილული საქმე…

_ ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც ფაქტობრივად არ მუშაობს, არცერთი საქმე არ განუხილავს და ამაში იღებს ხელფასს..

_ მას აქვს ძალიან ახლო კავშირები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მიხეილ ჩინჩალაძე არის ვანო ზარდიაშვილი(საპარლამენტო უმრავლესობის წევრი) მეჯვარე და ძალიან ახლო მეგობარი. ვიცით, რომ ვანო ზარდიაშვილი 2012 წლამდე იყო სასამართლო სისტემაში, საქალაქო სასამართლოს აპარატს ხელმძღვანელობდა.ეს ერთი სისტემა იყო 2012 წლამდე. თავად მიხეილ ჩინჩალაძეზე არცერთი გახმაურებული საქმე არ მოიძებნება. ასევე, ჩინჩალაძე არის ირაკლი კობახიძის კურსელი(პარლამეტის თავმჯდომარე).

„რუსთავი 2“-ის საქმის განხილვის დროს შვებულებაში იყო გასული, ვერ იპოვით გახმაურებულ საქმეს, რადგან მიხეილ ჩინჩალაძეს ფიზიკურად საქმე არ განუხილავს, თუმცა არაფორმალურად ყველა იმაზე საუბრობს, რომ ეს არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ხაზზეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მისი სიტყვაა გადამწყვეტი.

მიხეილ ჩინჩალაძე ყოველთვიურად იღებს სააპელაციო მოსამართლის ხელფასს 6000 ლარს, ასევე თავმჯდომარეობის განკუთვნილ დანამატს . საერთოდ ჯამში ეს თანხა წლის განმავლობაში გამოდის ძალიან მაღალი, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებს. საქმეებს არ განიხილავს რეალურად.

_ ანუ, ფაქტობრივად სასამართლოს მენეჯერია…

_ დია, თუმცა სასამართლოს ცალკე მენეჯერი ჰყავს. მაშინ რას აკეთებს ჩინჩალაძე გაურკვეველია.

_ თუ არ ვცდები, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე იუსტიციის საბჭოში მუშაობს?

_ დიახ, მისი  მეუღლე, თინათინ აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობს და ხელმძღვანელობს  მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტს, რომელიც ამზადებს მასალებს სანამ ისინი უვადოდ გამწესდებიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი  დეპარტამენტია.

_ დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ალანია, გიორგი მიქაუტაძე… ამ კანდიდატებზე რას იტყვით?

_ დიმიტრი გვრიტიშვილი არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ძალიან აქტიურია, გამოირჩევა ხმამაღალი განცხადებებით და გამოხატავს თავის ლოიალობას და ერთგულებას სისტემის მიმართ…

_ გვრიტიშვილი იყო დაჩი ცაგურიას საქმის მოსამართლე, რომელმაც უკვე მიმართა პარლამენტს არ აირჩიონ ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ…

_ გვრიტიშვილს, გარდა დაჩი ცაგურიას საქმისა, განხილული აქვს ძალიან ბევრი საქმე და 2012 წელს ოპოზიციური პარტიები რამდენიმე მილიონით დააჯარიმა, მათ შორის „ქართულ ოცნება“ და სხვა პარტიები. იყო ეჭვი, რომ მაშინ ხდებოდა პოლიტიკური პარტიების ანგარიშსწორება, რაშიც სასამართლოც იყო ჩართული.

გიორგი მიქაუტაძემ(იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი) რამდენიმე მილიონით დააჯარიმა ოპოზიცია. საუბარია 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე.

გიორგი მიქაუტაძეც  უზენაეს სასამართლოში მუშაობდა და ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებს მიხეილ ჩინჩალაძესთან.

დღეს ეს ჯგუფი, მიხეილ ჩინჩალაძის ხელმღვანელობით სასამართლოს სრულად აკონტროლებს. ვხედავთ როგორ ხდება მათ ირგვლივ მოსამართლეთა კონსოლიდირება. კონტროლი მოიპოვეს მოსამართლეებზე, ვინც არ მოსწონდათ, განიდევნა სისტემიდან.

ჯერ კიდევ შედარებით დამოუკიდებელია უზენაესი სასამართლო, რადგან ისინი არ არიან უზენაესი საბჭოს მიერ დანიშნული, პარლამენტის დანიშნულები არიან.

დღეს თუ მოხდება იუსტიციის საბჭოს მიერ კონტროლი, თუ ვინ შევა უზენაეს სასამართლოში , მთლიანად იკეტება სისტემა.

ამ ჯგუფისთვის უზენაეს სასამართლოს ხელში ჩაგდება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, თუ მოხდება ამ სიის დამტკიცება… ვერც კი წარმოიდგენდა საზოგადოება, რომ ამ სახელებს და გვარებს შეიყვანდა საბჭო.

აქ სწორედ ის ხალხია, რომელიც სასამართლო სისტემის არაჯანსაღი მეთოდით მართვაში ასოცირდება.

ჩინძალაძე, გვრიტიშვილი, ეს ის ხალხია და ალბათ ახსოვს საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკოსები აკეთებდნენ განცხადებას, რომ ისინი სავარაუდოდ  პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

ამიტომ, ამ ხალხის მოხვედრა ქვეყნის უმაღლეს ინსტანციაში, თან უვადოდ, არის ძალიან სახიფათო.

წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ 30 -35 წელი შანსი არ არის სისტემაში რამე პოზიტიური მოხდეს, იკეტება საბოლოოდ.

შეგახსენებ, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  -ს ინფორმაციით მიხეილ ჩინჩალაძეს 2010-დან 2013 წლამდე არცერთი საქმე არ განუხილავს, არც 2015 წელს.

მათივე ინფორმაციით ჩინჩალაძემ 2009 წელს 1 საქმე განიხილა, 2014 წელს 2 საქმე განიხილა და 2016 წელს 1 საქმე.

გამჭვირვალობის ანგარიშით, მიხეილ ჩინჩალაძემ უზენაეს სასამართლოში 10 წლის მანძილზე მხოლოდ 250 საქმე განიხილა.

ცნობისთვის,საზოგადოებრივი ვნებათაღელვა იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეების სიაზე გრძელდება. იურისტების, უფლებადაცველების და ამ საკითხზე მომუშავე ენჯეოსექტორის დიდი ნაწილი იმ პერსონების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად დანიშვნას აპროტესტებს, რომლებსაც არაერთ გახმაურებულ საქმეზე გამოუტანიათ განაჩენი თუ გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული ნაწილი მზად იყო მათთვის მხარი დაეჭირა, გუნდში ამას სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. უკვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი მოსამართლეთა შერჩევის ახალ კრიტერიუმებზე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ თუ, ვინ არის 10 კანდიდატი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელეს (სია).

უკვე ცნობილია, უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.

სტატიის ავტორი ირმა მესხია

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...