ოკუპირებულმა ცხინვალმა ხვიჩა მღებრიშვილს 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“ მიღებულ  ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილისთვის უკანონო პატიმრობის სამი თვით გაგრძელების ფაქტს.
აღნიშნული წარმოადგენს უკანონო ქმედებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული ე.წ.  გადაწყვეტილება“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კვლავ განაგრძობს მუშაობას ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებლად და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის 3 ივლისს რუსეთის მიერ ოკუპირებულმა ცხინვალმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი დააკავა.

14 დღის შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროებამ გაავრცელა განცხადება მღებრიშვილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზად რიჩარ ლუგარის სახელობის ცენტრი დაასახელა.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისი ინტერესი იყო ღამურების კოლონა, რომლებიც სოფელ არცევში და გრომში ბინადრობენ.

მღებრიშვილის თქმით, ის აპირებდა “ღამურების კოლონების“ მოპოვებას, შემდეგ კი 1 ცალის  5000 აშშ დოლარად რეალიზაციას. თუმცა, ეს არ არის პირველი ინტერესი ღამურების პოპულაციის. ეს 2012 წელს დაიწყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა”, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების გავრცელებულ განცხადებაში. 

დე ფაქტო უშიშროების გავრცელებულ განცხადებაზე, „აიპრესი“ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს დაუკავშირდა.

მან მხოლო ერთი წინადადებით შეაფასა ოკუპირებული ცხინვალის განცხადება: „სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა“ .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...