ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საავადმყოფოებში ადგილები აღარაა

ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მთავარმა რეანიმატოლოგმა განაცხადა.

განვლილი 24 საათის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირების 98 შემთხვევა გამოვლინდა.

უკანასკნელ დღეებში ახლადინფიცირების შემთხვევების მატების შედეგად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთავარი რეანიმატოლოგი ალექსანდრ პლიევის თქმით, სიტუაცია ‘ძალიან მძიმეა” და საავადმყოფოებში ყველა ავადმყოფისთვის საკმარისი ადგილი უკვე აღარაა.

ადგილობრივი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მთავარი ექიმი ინდირა ბიჩენოვა აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალისტების მწვავე უკმარისობაა.

“სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალის 70% ბიულეტენზეა. კორონავირუსზე დადასტურებული ტესტით თუ მის გარეშე, მაგრამ ისინი მოწყდნენ სამსახურს. ამიტომ შეიმჩნევა უმწვავესი დეფიციტი, განსაკუთრებით რეანიმატოლოგებში, ინფექციონისტებში, მედდებში და სანიტრებში.” – ამბობს ბიჩენოვა.

“ოფიციალურად, თუ ეს შესაძლებელია, მინდა მივმართო მოსახლეობას. ჩვენ გვესაჭიროება მძღოლები, სანიტრები, დამლაგებლები, მტვირთავები, მუშები ჟანგბადის ბალონების ტრანსპორტირებისთვის. ძალიან გვჭირდება მანქანები. მობრძანდით დილით ადმინისტრაციაში, თქვენ მოგცემენ სამუშაო ფრონტს, თავდაცვის ინდივიდუალურ საშუალებებს. ჩვენ ძალიან გვჭირდება დამხმარეები”, – განაცხადა ბიჩენოვამ პრესასთან საუბრის დროს.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაო ადგილებზე ცხინვალის სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტები არიან მიმაგრებულები.

სამედიცინო პერსონალის კიდევუფრო მწვავე ნაკლებობაა ოკუპირებული ცხინვალის სხვა რაიონებში, მაგალითად, ჯავის რაიონში ერთადერთი თერაპევტია, რომელიც ტელეფონით აძლევს კონსულტაციებს ავადმყოფებს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, მათი ცხინვალში გადაყვანის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. რაიონი მომუშავე სხვა ექიმები კი 70 წელს ზემოთ ასაკის არიან და თავად იმყოფებიან რისკის ჯგუფში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რაიონებიდან სხვებთან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ახალგორის რაიონში. დე ფაქტო ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლის თქმით, რაიონში ერთადერთი შემთხვევა წინაგარში დაფიქსირდა და ავადმყოფი ამჟამად უკვე განკურნებულია.

დღეისათვის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირების 768 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 678 სექტემბრის მეორე ნახევრიდან დღემდე გამოვლინდა. კორონავირუსით გარდაცვლილია 9 კაცი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, ვიდეოკავშირის საშუალებით მიიღო მონაწილეობა დე ფაქტო ხელისუფალთა თათბირში და აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ცხინვალის სტადიონზე გამართული სამხედრო-საველე ჰოსპიტლის იმედი აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად