ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია მზადაა, აქციის დროს მიყენებული ზარალი აანაზღაუროს

სოხუმში საპროტესტო მონაწილეები მზად არიან, ე.წ. მთავრობის შენობა-ნაგებობებისა და “რესპუბლიკის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის შენობისთვის” მიყენებული ზარალი აანაზღაურონ. სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აჰრა ავიძბამ განუცხადა.

“მათი ამოცანა გასაგები იყო, ისინი შეეცადნენ, მომიტინგეები შეეჩერებინათ. ახლა ჩვენ კომიტეტის დასკვნასა და შეფასებას ველოდებით. ვთხოვეთ ოპოზიციას ამის შესახებ გვითხრას, რადგან უცნობია, თუ რა სახის ზარალია  ფანჯრებისა და კარების დაზიანების შედეგად”,-განაცხადა ავიძბამ.

მისი თქმით, კომპენსაციისთვის საჭირო სახსრები ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებს შორის შეგროვდება, “რომლებიც ზარალის ანაზღაურების სურვილს გამოთქვამენ”.

როგორც ავიძბამ აღნიშნა, მისი მომხრეები არ ეთანხმებიან “ხელისუფლების” მხრიდან ბრალდებას, თითქოს მომიტინგეებმა იარაღის საცავი გახსნეს და იქიდან დაახლოებით 50 ერთეული იარაღი მოიპარეს.

12 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ზეწოლის ფონზე მიიღო, რომლის ლიდერებმა უარი თქვეს ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარებაზე. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 იანვარს განმეორებითი “საპრეზიდენტო არჩევნები” 22 მარტს დანიშნა.

გასულ ორშაბათს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომის თაობაზე მოთხოვნა დააკმაყოფილა და ე.წ. პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ვალერი ბგანბა დანიშნა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები 9 იანვარს დაიწყო, როდესაც ე.წ. ოპოზიციის მომხრეები “აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის” შენობაში შეჭრას შეეცადნენ. მომიტინგეებმა შესასვლელი კარი შეამტვრიეს და ფანჯრები გატეხეს; ოპოზიციის მომხრეებმა შენობა დაიკავეს. მოგვიანებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ საცავიდან იარაღი გაქრა, მაგრამ “ოპოზიციამ” ბრალდებები უარყო.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად