ოხანაშვილი: ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კითხვის ნიშნების დასმის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა,  საქართველო შეუქცევადად აგრძელებს კურსს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისთვის.

„ეს არის ჩვენი შეუქცევადი კურსი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამ ყველაფრის დასტურია ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ის მონაპოვარი, რომელიც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირში, ვაჭრობის საკითხების გაუმჯობესებას ევროკავშირთან, აშშ-სთან, ეს საკითხები არის და იქნება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს მიმართულებები, შესაბამისად, არანაირი კითხვის ნიშნები არ შეიძლება გაჩნდეს, არ არსებობს ობიექტური საფუძველი კითხვის ნიშნების დასმის”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ოპოზიციის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული კამპანიის შედეგია.

“ყველა ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, რომ ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, თითქმის არ აქვთ რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ. იქნება ეს სტრასბურგი თუ ვაშინგტონი. ისინი ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად