ოხანაშვილი: თუკი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯამრთელობის საფრთხე იქნება, მხარს დავუჭერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას

„ჩვენი მოქალაქეებსი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის არის უპირველესი. კრიზისულმა სიტუაციებმა აჩვენა, რომ ჩვენი გუნდისთვის – „ქართული ოცნებისთვის“ ნომერ პირველი საზრუნავი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა ტ/კ „PosTV“-ის ეთერში.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა.

„ჩვენთვის ასევე უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის შემდგომი შეუფერხებელი განვითარება. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ყოველ კონკრეტულ საკითხს აფასებს იმით, თუ რა საფრთხე ან რისკი შეიძლება ემუქრებოდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამიტომ თუკი ასეთი საფრთხე იქნება, მე მხარს დავუჭერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. მაგრამ ჯერ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მოგეხსენებათ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა. ეს პრობლემა მსოფლიო მასშტაბისაა. ეკონომიკურად ძალიან ძლიერი სახელმწიფოები არიან ამ გამოწვევების წინაშე“ , – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მანვე საზოგადოებას მოუწოდა, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ერთმანეთის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.

„ქართული ოცნება არის ის გუნდი, რომელიც იზრუნებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენი ხელისუფლების ყველა შტო, იქნება ეს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვემსახუროთ და დავუდგეთ გვერდით ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მისი ინფორმაციით, ქართული ოცნების პარტიული აქტივი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ მოხდეს ყველა საკითხის იდენტიფიცირება და მოქალაქეებს მაქსიმალური დახმარება გაეწიოთ.

„სწორედ ასეთი კოორდინირებული და 24/7-ზე მუშაობა გვაძლევს იმ შედეგს, რა შედეგიც დღეს გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ მედიკოსს, პოლიციას, ჯარისკაცს, ვინც გვერდით უდგას სახელმწიფოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად