ოხანაშვილი თავდასხმის დეტალებზე: დაჟინებული მზერით ყურების შემდეგ დაჯდა გვერდით მაგიდასთან და ძალიან ბინძური სიტყვებით ხმამაღლა საუბარი დაიწყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, 14 იანვარს, ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ პირი, რომელიც უკვე დაკავებულია, ძალიან აგრესიული იყო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბრობდა მისი ოჯახის წევრების მიმართ.

„ბავშვების თხილამურებზე სრიალის შემდეგ, იქვე კაფეში შევედით, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და ყველა შედის. ჩემმა მეუღლემ შენიშნა ადამიანი, რომელიც გვაკვირდებოდა განსაკუთრებით აგრესიული მზერით ჩემს მიმართ. ჩემს მეუღლეს ვთხოვე, ყურადღება არ მიექცია. როგორც ჩანს, ეს ადამიანი დაჟინებული მზერით გვაკვირდებოდა, ჩვენი მაგიდის ირგვლივ ტრიალებდა. შემდგომ გარეთ გასვლა დაიწყო, თუმცა, რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე კვლავ დაჟინებული მზერით ყურების შემდეგ დაჯდა გვერდით მაგიდასთან და ძალიან ბინძური სიტყვებით ხმამაღლა საუბარი დაიწყო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი პირადად ჩემი და ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო, ჩემი ოჯახის წევრების, ბავშვების მიმართ. რა თქმა უნდა, იყო მუქარა ბავშვებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ვითარებაში მისი მთავარი ამოცანა იყო, შვილები და მეუღლე სიტუაციას გაერიდებინა.

„ყველაფერი გავაკეთე, რათა არ შევსულიყავი ამ ადამიანთან რამე ფიზიკურ შემხებლობაში ან დაპირისპირებაში, პირველი იყო, რომ ბავშვები სიტუაციას გამერიდებინა. ეს გავაკეთე. ხალხის ნაწილი გარბოდა, რადგან ეს ადამიანი ძალიან აგრესიული იყო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული პირი იგინებოდა და მომხდარის გამო, ობიექტის მუშაობა პარალიზებული იყო.

„ის იგინებოდა, ილანძღებოდა და ხალხის ნაწილმა მისი შეჩერება სცადა, რადგან კაფეს მუშაობა პარალიზებული გახდა, ეს ფაქტი აღიკვეთა. ეს პიროვნება დაკავებულია. ჩემი ინფორმაციით, დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციის წინააღმდეგ მუქარისთვის და არა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და განმარტა, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.

„მივეცი ჩვენება მეც და ჩემი ოჯახის წევრმაც, ჩემმა მეუღლემ. ამ საკითხს სამართლებრივად ვუყურებ. ჩემი თმენის ვალდებულება მეტის უფლებას არ მაძლევს, რომ პოლიტიკურ შეფასებაში შევიდე. ფაქტია, რომ ეს ადამიანი ჩემთან მიმართებაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნული პირი დააკავეს. ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე ვახტანგ რობაქიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად