ოხანაშვილი: საზოგადოებამ ნახა, როგორი ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა პოლიციაზე

საზოგადოებამ ნახა, როგორი ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა პოლიციაზე, როგორ ცდილობდა მოძალადე ჯგუფი პარლამენტის შენობაში შეჭრას, დღეს გამოდიან და ცდილობენ ფალსიფიცირებით, სპეკულაციებით თავი აარიდონ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციური სპექტრი, განსაკუთრებით, ის პირები, ვინც წარმოდგენილი იყვნენ 20 ივნისის ღამეს და კონკრეტულ მოწოდებებს ახორციელებდნენ, ცდილობენ თავი აარიდონ ნებისმიერ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე სამართლებრივს.

„ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც იმ ღამეს იქ იყვნენ, დღეს აცხადებენ, რომ იყო შეხლა-შემოხლა, თურმე ყოფილა მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და თურმე ეს იყო მშვიდობიანი შესვლის სურვილი. რეალურად ეს იყო საფრთხე, საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის, ეს იყო რეალური საფრთხე და ქმნიდა საფრთხეს ჩვენი საზოგადოების ინტერესებისთვის. საზოგადოებამ ნახა, როგორი ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა პოლიციაზე, როგორ ცდილობდა მოძალადე ჯგუფი პარლამენტში შეჭრას, დღეს გამოდიან, რომ ეს ასე არ იყო და ისინი ცდილობენ ფალსიფიცირებით, სპეკულაციებით თავი აარიდონ პასუხისმგებლობას.

ეს მძიმე სანახავი და მოსასმენია, ნაცვლად იმისა, რომ იღებდნენ პასუხისმგებლობას, პირიქით, ირიბად მოუწოდებენ ამა თუ იმ ჯგუფებს, რომ მსგავსი ქმედება თუ განხორციელდა, შეიძლება იყოს მოსაწონი. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, დღევანდელი პროკურატურის ბრიფინგიც მიუთითებს, რომ ეს არის ტყუილი, რასაც ესა თუ ის ჯგუფები ახორციელებენ, რომ მათ სურთ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც შესაბამისი ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი, თუნდაც სამართალდამცავი, რომელმაც შესაძლოა, გადაამეტა უფლებამოსილებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდების ნაწილში მკიცებულებად ვიდეო კადრები გამოაქვეყნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად