ოხანაშვილი: პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების სიის წარდგენა, დამოკიდებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თეორიულად იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი აგვისტოში დასრულდეს და სია საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნოს.

ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლებს რენატა ვინტერსა და მაია ჩოჩუას შეხვდა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი თემა იყო, ისინი როგორ ხედავენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პროცესის წარმართვას და რა შეთავაზება და რჩევები ექნებოდათ.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პროცესი მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე იყოს, მათ შორის, კრიტიკული. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას ამ პროცესისადმი ნდობა ჰქონდეს და ამისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ევროკავშირის წარმომადგენლებისა და მისი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა ბევრ საკითხთან მიმართებაში.

“ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საზოგადოებას პროცესთან დაკავშირებით წვდომა ჰქონდეს და არც ერთი კითხვა არ დარჩეს, სადაც კითხვა დაისმება, რომ რაიმე ფორმით პროცესი არ იყო გამჭვირვალე. კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, რაზეც ვისაუბრეთ, კონსულტაციის გავლა მოგვიწევს და პოზიციას შევაჯერებთ, თუმცა ძირითადი წითელი ხაზი იქნება ის, რომ პროცესი იქნება მაქსიმალურად გახსნილი, დაისმება ყველა კრიტიკული კითხვა, რათა წარმოჩნდეს, ვინ არის ღირსეული კანდიდატი, რომელმაც უნდა მოიპოვოს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა. რაც შეეხება სიის წარდგენას, ეს დამოკიდებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე როგორი ფორმით გააგრძელებენ კანდიდატების მოსმენას. რამდენი კაცი იქნება წარმოდგენილი, წინასწარ ამასაც ვერ განვსაზღვრავთ, ესეც საბჭოზეა დამოკიდებული“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...