ოხანაშვილი ოქრუაშვილის საქმეზე: მოწმე არ განსხვავდება, სამართალდამცავია თუ სხვა მოქალაქე

“ოპოზიცია ცდილობს, გარკვეული დღის წესრიგი შეიქმნას, რათა ტელევიზიებში გამოჩნდეს და პროცესების დისკრედიტაცია მოახდინოს.” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თავდაცვის პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე ოპონენტების შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ოპოზიცია ნაკლებად არის დაინტერესებული იმის გარკვევით, 20 ივნისის ღამეს ვინმემ დანაშაული მართლაც ხომ არ ჩაიდინა და თუ ჩაიდინა, ამაზე პასუხი აგოს.

“ნებისმიერი საკითხი, რომელიც ვინმესთვის კითხვის ნიშანს იწვევს, ეს საკითხი სასამართლოში პროცესის განხილვის დროს დაისმევა. მოსამართლე ვალდებულია, გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს.

პოლიტიკოსები იმ სამართლებრივ შეფასებაში ვერ შევალთ, რაზეც წვდომა არ გვაქვს.

არ ვიცი, საქმის მასალებში რა დევს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვიანობა ძალიან შემცირებულია, რაც ნიშნავს, რომ მხარეს საფუძველი არ აქვს საქმე გაასაჩივროს, ვინაიდან ისეთი დარღვევები არ არის, რაც მხარეს სტრასბურგში დავის საშუალებას მისცემდა. ის დრო დასრულდა, როცა ერთი პირის ჩვენებით ხდება ბრალის დაფუძნება და გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა. მოწმე არ განსხვავდება, სამართალდამცავია თუ სხვა მოქალაქე. პოლიციელი მკვლელობას რომ შეესწროს, ჩვენება არ უნდა მისცეს? სამართალდამცველების ჩვენება იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენების მიცემა ვინმემ აიძულა.

ლოგიკურია, რომ სამართალდამცველების ჩვენება იქნება, რადგან აქციაზე ისინი მოქმედებდნენ. შეიძლება, დამატებით სხვა მოქალაქის ჩვენებაც იყოს. კადრები ყველამ ვნახეთ, რაც ხდებოდა. ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რომ ჩვენებას მარტო პოლიციელები იძლევიან. თუ მარტო პოლიციელები იყვნენ და ჩვენებას იძლევიან, პრობლემას რაში ხედავთ? ოპოზიციისგან მოგისმენიათ ის, რა კარგად მუშაობს პოლიცია, იმ საქმეშიც კი, რასაც ხედავენ, რომ ხარვეზი არ არსებობს?!”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...