ოხანაშვილი: ისტორიულ ფაქტებზე მსჯელობა ჩვენი საზღვრების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

“საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომლის საზღვრებიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით და ვინმეს მხრიდან ისტორიული ფაქტებზე მსჯელობა, ვერ გახდება საფუძველი ჩვენი საზღვრების გადასინჯვის ან ამ საკითხზე კიდევ რამე სხვა პოზიციის”. – აცხადებს ოხანაშვილი.

მისი თქმით, სწორი არ არის საკითხის ისე დასმა, თითქოს საქართველოს მთავრობა მიესალმა ვლადიმერ პუტინის განცხადებას ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით.

„არ არის ეს სწორად დასმა საკითხის, თითქოს საქართველოს მთავრობა მიესალმა იმას, რაც ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით გააჟღერა ამ ადამიანმა. ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, რომლის საზღვრებიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით და ვინმეს მხრიდან ისტორიულ ფაქტებზე მსჯელობა ვერ გახდება საფუძველი ჩვენი საზღვრების გადასინჯვის, ან ამ საკითხზე კიდევ რამე სხვა პოზიციის. შესაბამისად, ეს საკითხი დახურულია“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს დამატებითი ეკონომიკური სანქციები არ დაუწესდება, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამის სწორი გაგრძელება რუსეთის მხრიდან დეოკუპაციაზე ფიქრის დაწყება იქნება.

„ახლა ამის იმედი და მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს საქართველოს ინტერესების გატარებას ყველა ფორმატში. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყნის დეოკუპაცია და ეს საკითხი იქნება ყველა ფორმატში მსჯელობისა და განხილვის საგანი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის: რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...