ოხანაშვილი: იმედია, სარალიძის მკვლელობის საქმის დასკვნაზე “ევროსაქართველოსთან” პოზიციას შევაჯერებთ

ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ დღეს გვსურს „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციებზე გვქონდეს მსჯელობა. თუ გამოინახება თანხვედრა, საერთო პოზიციები ამ რეკომენდაციებთან მიმართებაში, ეს ჩვენთვის მისაღები იქნება, რადგან კომისიის პრესტიჟისთვის, პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია პოზიციების დაახლოება მოხდეს.

ჩვენ დავეთანხმებით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ობიექტურ მოცემულობაზე იქნება დაფუძნებული, დაცლილი იქნება პოლიტიკური ანგაჟირებისგან. რაც შეეხება გამოძიება იყო თუ არა ობიექტური და მიკერძოებული, გუშინაც ვთქვით და მანამდეც ვამბობდით, არსებობს კითხვები, არის ხარვეზები. ჩვენს მიერ წარმოდგენილ დასკვნაში დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა გამოძიების პროცესში ხარვეზებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მტკიცებულებათა ხარისხზე.

შესაბამისად, ჩვენს მიერ წარმოდგენილ დასკვნაში რეკომენდაციები გავეცით, სადაც საუბარია იამზე, რომ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოხდეს. რადგან გამოძიების პროცესში ხარვეზებია დაშვებული და საჭიროა ამ საკითხებზე რეაგირება. კონკრეტული რეკომენდაციებია შემუშავებული. ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენციების გამიჯვნა. ის რაც პარლამენტის კომპეტენცია არაა და საგამოძიებო უწყების კომპეტენციაა, ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული. ჩვენ ვერ შევითავსებთ საგამოძიებო ორგანოს ფუნქციას. 

შესაბამისად, ჩვენი ყველა რეკომენდაცია უნდა ეფუძნებოდეს პარლამენტის კომპეტენციის და მისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იყოს რეკომენდაცია შემუშავებული და აქედან გამომდინარე უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ მოცემულობას, ობიექტურ ფაქტებს, სამართლებრივ არგუმენტებს. ყველა ეს საკითხი დასმული გვაქვს და კონკრეტულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით პოზიცია გვექნება. იმედს ვიტოვებ და მაქვს სურვილი, შევთანხმდეთ ერთიან შეჯერებულ პოზიციაზე.

თუკი, ერთიანი შეჯერებული პოზიცია გვექნება, ეს იქნება კარგი და ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ნაბიჯები გადავდგათ. ობიექტური ფაქტების გათვალისწინებით დავარწმუნოთ კომისიის სხვა წევრები, რომ ჯობს რეკომენდაცია ეფუძნებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და ობიექტურ მოცემულობას", – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...