ოხანაშვილი: ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” და მათი სატელიტი პარტიების გაკოტრებული სახე

“ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების გაკოტრებული სახე; საზოგადოება ამას ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე განაჩენს გამოუტანს”. – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაურის და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მოწყობილი ხმაურიანი პერფორმანსის გამო ვერ დაიწყო.

ანრი ოხანაშვილმა ტექნიკური შესვენებაც გამოაცხადა, თუმცა, სხდომა შესვენების ამოწურვის შემდეგაც ვერ განახლდა.

ოპოზიციონერი დეპუტატები: ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ. მათი განცხადებით, სურთ დეპუტატებს პოლიტპატიმრების სია დაურიგონ.

ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა სხდომათა დარბაზში მათთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავონ ან ტერიტორია დატოვონ, რასაც დეპუტატები არ ემორჩილებიან.

„ეს ადამიანები ცდილობენ დესტრუქციის შემოტანას ყველაფერში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების გაკოტრებული სახე. არ გაგიკვირდეთ, საზოგადოება ამას ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე განაჩენს გამოუტანს, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად